კვებითი რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის დროს

 

დიეტა მკურნალობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში, ამიტომ აუცილებელია ექიმთან პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობა. პაციენტები სხვადასხვაგვარ მიდრეკილებას ამჟღავნებენ სიმპტომატური ჰიპერგლიკემიის მიმართ.

ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტით დაავადებულ მრავალ მსუქან პაციენტს დიაბეტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები იშვიათად უვითარდება, მაშინაც კი, როცა გლუკოზის დონე პლაზმაში პერიოდულად ან მუდმივად შეადგენს 300მგ%-ს. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის უპირატეს მეთოდად ითვლება მხოლოდ გახდომა, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ინსულინოთერაპიასა და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული გართულებები.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დღესდღეობით არ არსებობს უნივერსალური “დიაბეტური” დიეტა ან კვების რეჟიმი და სამედიცინო კვებითი თერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

 

დიეტური რეკომენდაციები, რომლებიც საერთოა დიაბეტის ორივე ტიპისათვის: 

·        ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს საერთო კალორაჟის დაახლოებით 50-60%-ს, არარაფინირებული ნახშირწყლებისა და ბოჭკოვანი საკვების მიღება სასურველია იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს შესაძლებელია;

·       ცილა უნდა შეადგენდეს დღიური კალორაჟის დაახლოებით 10-20%-ს (ბავშვებში მისი რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის);

·      ტოტალური ცხიმი უნდა მოიცავდეს საერთო კალორაჟის 30%-ზე ნაკლებს, მათ შორის, საჭიროა ნაჯერი ცხიმების შემცირება <10%, ხოლო ქოლესტერინისა <300მგ/დღეში. ნაჯერი ცხიმები უნდა ჩანაცვლდეს უჯერით;

·       მარილის მიღების შეზღუდვა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მისი დღიური რაოდენობა 3გ-ს აჭარბებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნატრიუმის უკიდურესად შეზღუდვამ შეიძლება ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს;

·  პაციენტებს შეუძლიათ ხელოვნური დამატკბობლების ანუ შაქრის შემცვლელების გამოყენება, რომლებიც საკვებს აძლევენ ტკბილ გემოს სისხლში შაქრის შემცველობის მომატების გარეშე, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ისეთ დაბალკალორიულ შემცვლელებს, როგორიცაა საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი, აცესულფამი K (ეს არის მათი საერთაშორისო სახელწოდებები და არა სავაჭრო სახელწოდებები). მათი უვნებელი დღიური დოზა საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 20-30 აბს უდრის. ამ დაბალკალორიული შაქრის შემცვლელების გარდა გაყიდვაშია აგრეთვე შაქრის ისეთი ანალოგები, როგორიცაა ქსილიტი, სორბიტი და ფრუქტოზა. მართალია, მოხმარებისას  ისინი არ იწვევენ სისხლში შაქრის მნიშვნელოვან მატებას, მაგრამ მაღალკალორიულობის გამო არ შეიძლება რეკომენდებული იქნას ჭარბი წონის მქონე ავადმყოფთათვის (მაგ. 1გ ფრუქტოზა იძლევა დაახლ. 4კკალ-ს). ამავე კატეგორიის ავადმყოფებმა არ უნდა გამოიყენონ საკვებად მზა «დიაბეტური» პროდუქტები, რომლებიც ამ შაქრის შემცვლელების გამოყენებითაა დამზადებული (დიაბეტური შოკოლადი, ვაფლი, ნამცხვარი, ჯემი) და ასევე შეიცავენ ჩვეულებრივ ნახშირწყლებსაც (ფქვილი და სხვ.).
 

კვება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი დროს

·       პაციენტებს არ შეიძლება ვუმკურნალოთ მხოლოდ დიეტით, მათ ამავე დროს ესაჭიროებათ სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი და ინსულინოთერაპია მოხმარებული საკვების რაოდენობიდან და ენერგეტიკული დანახარჯებიდან გამომდინარე;

·       ინსულინოთერაპიის ინტენსიური რეჟიმის პირობებში პაციენტებს შეუძლიათ სწრაფი მოქმედების ინსულინის დოზის მორგება თითოეული კვების მიხედვით ან კვებისა და ვარჯიშის ჩვეული რეჟიმიდან გადახვევის შემთხვევაში;

·        კვება უნდა დაიგეგმოს ისე, რომ დანიშნულმა ინსულინმა შეძლოს შესაბამისი კალორაჟისა და საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფა;

·        საჭიროა ყოვედღიურად ერთსა და იმავე დროს ჭამა და ერთნაირი რაოდენობით კალორიების მიღება;

·        საჭიროა ყოველდღიურად გარკვეული სახის ვარჯიში ან ფიზიკური აქტივობის რაღაც ოდენობა (ვარჯიშის წინ ან შემდეგ, შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი საკვები, ხოლო ფიზიკური აქტივობის წინ – ინსულინის დოზის შეცვლა);

·        როცა პაციენტი იღებს ინსულინს, შეიძლება ეფექტური იყოს კვების დროს მოხმარებული ნახშირწყლების რაოდენობის დათვლა (ინსულინის დაახლოებით 1 ერთეული „ინელებს“ მოხმარებული ნახშირწყლების 10-15 გრამს);

·        გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ასაკის პაციენტებს კალორაჟის სხვადასხვა მოთხოვნილება აქვთ (იხ. ცხრილი):

 

 

ასაკი                   სქესი                                                         კალორიები

0-12 წლამდე   ვაჟები                     1000კალორ+100 კალორ. გამრავლებ.  ასაკზე

                           გოგონები               

 

12-15 წლამდე   გოგონები                1500-2000კალორ.+100კალ. გამრ. ასაკს მინუს12

                      

                             ვაჟები                     2000-2500კალორ.+200კალ. გამრ. ასაკს მინუს12

 

15-20 წლამდე   ქალები                   13-15კალორია/სხეულის იდეალ. წონის ერთ

                                                              გირვანქაზე(≈0,5კგ)

                             მამაკაცები             15-18კალორია/სხეულის იდეალ. წონის ერთ

                                                              გირვანქაზე(≈0,5კგ)

მოზრდილი მამაკაცები და ქალები:

ფიზიკურად აქტიური                      14-16კალორია/სხეულის იდეალ. წონის ერთ

                                                               გირვანქაზე

საშუალოდ აქტიური                        12-14კალორია/სხეულის იდეალ. წონის ერთ

                                                               გირვანქაზე

მჯდომარე                                           10-12კალორია/სხეულის იდეალ. წონის ერთ

                                                               გირვანქაზე

(Bode, B. W., Davidson, P.C., &Steed, R. D.(1997).  in J.S. Skyler. Diabetes Dek: Professional Edition . Infodek: Atlanta.)

 

დიაბეტით დაავადებული ბავშვების კვება

აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვან ბავშვებს უძნელდებათ კვების მკაცრი რეჟიმის დაცვა.

·        ტიპიურ შემთხვევებში რეკომენდებულია 3 ძირითადი და 3 დამატებითი კვება;

·        უფრო მოზრდილი ბავშვები ხშირად ტოვებენ დილის შემდგომ დამატებით კვებას, მაგრამ აქედან მისაღებ კალორიები უნდა დაემატოს საუზმეს ან სადილს. ძილის წინ მისაღები დამატებითი კვების გამოტოვება არ შეიძლება.

 

კვება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს 

·        სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება შესაძლებელია წონაში მცირედი (5-9კგ) დაკლებითა და ჰიპოკალორიული დიეტით (250-500 კალორიით ნაკლები მოცემული ასაკობრივი ჯგუფისთვის გამოთვლილ შესაბამის კალორაჟზე);

·        კონტროლის გაუმჯობესება შესაძლებელია კვების შუალედების დაცვითა და რეგულარული ვარჯიშითაც;

·        შიმშილის გრძნობის შესამცირებლად ადამიანმა შეიძლება მიიღოს დამატებითი საკვები, მაგრამ ისეთი, რომლის კალორიულობა დაბალია, მაგ. ბოსტნეულის სალათი და არა ბუტერბროდი და ფაფა, ვინაიდან ჭარბი წონა ამ ტიპის დიაბეტის (ინსულინ-დამოუკიდებელი) ძირითადი მიზეზია.

გახსოვდეთ:

·        სწორად გაანაწილეთ თქვენი დღიური ულუფა სამ ძირითად კვებას შორის: დაიწყეთ დღე მსუყე და ჯანსაღი საუზმით, შესვენების შემდეგ მიიღეთ სრულფასოვანი სადილი, საღამოს კი მსუბუქად ივახშმეთ;

·        სწორად ამოირჩიეთ საკვები (ბოსტნეული, ხილი), შეზღუდეთ ფარული ცხიმები (ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცხიმიანი ყველი), კერძის მომზადებისას ზომიერად გამოიყენეთ ცხიმები (მცენარეული ზეთი, არაჟანი, კარაქი, მარგარინი), შეზღუდული რაოდენობით მიირთვით ალკოჰოლი და გამაგრილებელი სასმელები;

·        შუადღისას ან წახემსებისას მიირთვით ჯანსაღი საკვები (ხილი, იოგურტი, მაწონი);

·  ძალიან იშვიათად და შეზღუდული რაოდენობით მიირთვით სხვადასხვა დესერტი (ნამცხვარი, ნაყინი, შოკოლადი), ასევე ღორის ხორცი;

·        საკვებს ბოლომდე ნუ გაათავებთ, მცირეოდენი დატოვეთ თეფშზე;

·        კვების პროცესში მიირთვით ნელა, არ იჩქაროთ.