რა არის შაქრიანი დიაბეტი?

 

შაქრიანი დიაბეტი განიმარტება, როგორც ჰიპერგლიკემიით გამოხატული მეტაბოლურ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც განპირობებულია ინსულინის სეკრეციის ან მისი მოქმედების დეფექტით ან ორივე მათგანით. ქრონიკული ჰიპერგლიკემია იწვევს მრავალრიცხოვან ორგანოთა ხანგრძლივ დაზიანებას, დისფუნქციასა და ფუნქციურ უკმარისობას.

 

უფრო მარტივად, შაქრიანი დიაბეტი ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად შაქრის (გლუკოზის) შეთვისება, რის გამოც სისხლში შაქრის დონე იზრდება.

გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროს. იმისათვის, რომ გლუკოზა მოხვდეს უჯრედში, საჭიროა ჰორმონი, რომელსაც გამოყოფს პანკრეასი (კუჭუკანა ჯირკვალი). ამ ჰორმონს ინსულინი ეწოდება. ინსულინი ხელს უწყობს გლუკოზის შეღწევას უჯრედის შიგნით. როცა ინსულინის რაოდენობა საკმარისი არ არის, შაქარი რჩება სისხლში, რის გამოც უჯრედები განიცდიან შიმშილს.

სისხლში შაქარი ხვდება ორი გზით: საკვების საშუალებით და ასევე ღვიძლიდან, რომელიც ორგანიზმში შაქრის დეპოს წარმოადგენს, ამიტომაც შაქრის რაოდენობის შემცირებას სისხლში ვერ მივაღწევთ მხოლოდ საკვებში ნახშირწყლების რაოდენობის შემცირებით. ასეთ პირობებში გაძლიერდება შაქრის რაოდენობის გადმოსროლა ღვიძლიდან და შაქრის დონე სისხლში მაღალი დარჩება. შაქრის დონე სისხლში არ იცვლება მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ინსულინის არსებობისას.

ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლში შაქრის დონის მომატების შემდეგ, მაგ. საკვების მიღების შემდეგ, გამომუშავდება მეტი ინსულინი და მეტი გლუკოზა შთაინთქმება უჯრედის მიერ, შესაბამისად უჯრედი მარაგდება საჭირო ენერგიით, ხოლო შაქრის დონე კი სისხლში ქვეითდება. თუკი ინსულინი არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით, საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე აჭარბებს ნორმას მით მეტად, რაც უფრო მეტი ნახშირწყლები მოხვდა ორგანიზმში საკვების გზით.

შაქრიანი დიაბეტის დროს ადგილი აქვს ინსულინის აბსოლუტურ ან შედარებით უკმარისობას. აბსოლუტური უკმარისობის დროს კუჭუკანა ჯირკვალი ან სრულებით არ გამოიმუშავებს ან თითქმის არ გამოიმუშავებს ინსულინს (შედარებითი უკმარისობის დროს გამომუშავებული ინსულინი საკმარისი  არ არის ორგანიზმის საჭიროებებისათვის).

ზ.ა. შესაბამისად, გამოყოფენ შაქრიანი დიაბეტის ორ ფორმას: ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი  და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ანუ “იუვენილური”) - ამ დროს ხდება ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების დაზიანება, ინსულინი გამომუშავდება ძალზედ მცირე რაოდენობით ან სრულებით არ გამომუშავდება. შესაბამისად, ორგანიზმს აღარ შეუძლია სისხლის შაქრის შეთვისება, უჯრედები ვერ იღებენ ენერგიას, “შიმშილობენ”. ამ დროს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობაა. პანკრეასის უჯრედების დაზიანების მიზეზები, ზუსტად არ არის ცნობილი. გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი გვხვდება დიაბეტიან პაციენტთა დაახლოებით 10-15%-ში და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა როგორც წესი, გამოვლინდება ახალგაზრდა ასაკში სხეულის ნორმალური მასის ფონზე: ბავშვებში, მოზარდებში, ახალგაზრდებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიაბეტის ეს ტიპი მხოლოდ ახალგაზრდებში გვხვდება. 30 წლის შემდეგ ის უფრო იშვიათად ვითარდება. ავადობის პიკი მოდის 10-14 წლის ასაკზე.

ამ ტიპის დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მაღალი ციფრების ფონზე განვითარებული შიმშილის დროს პაციენტს დამატებითი საკვების მიცემის ნაცვლად აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ინსულინის ინექცია, ანუ მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ამ ტიპის დიაბეტის დროს არის კანქვეშ ინსულინის შეყვანა მთელი ცხოვრების განმავლობაში. სამწუხაროდ, არ არსებობს ინსულინის პერორალური ფორმა, ვინაიდან ეს ცილოვანი ჰორმონი იშლება საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (“მოზრდილთა” დიაბეტი), როგორც წესი ვითარდება მოწიფულ ასაკში, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი, მაგრამ ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს  არსებული ინსულინი საკმარისი არ არის სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის.

ამ ტიპის დიაბეტის  დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი, “არასწორად”, ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი მთელი გლუკოზის ასათვისებლად. მეორე მექანიზმის მიხედვით,  კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ მთელი გამოყოფილი ინსულინის, ანუ ინსულინის ნორმალური რაოდენობის გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობას უწოდებენ. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია მემკვიდრეობითი განწყობა.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს შიმშილის გრძნობის შესამცირებლად ადამიანმა შეიძლება მიიღოს დამატებითი საკვები, მაგრამ ისეთი, რომლის კალორიულობა დაბალია, მაგ. ბოსტნეულის სალათი და არა ბუტერბროდი და ფაფა, ვინაიდან ჭარბი წონა ამ ტიპის დიაბეტის (ინსულინ-დამოუკიდებელი) ძირითადი მიზეზია.