საკვებით და წყლით გადაცემადი
ინფექციების პროფილაქტიკა
უკანასკნელ
წლებში დედამიწაზე განვითარებული გლობალური დათბობა არასასურველ ზეგავლენას ახდენს
ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
უახლესი
მონაცემებით საუკუნის განმავლობაში ევროპის მეტ წილ ქვეყნებში აღინიშნა ტემპერატურის
მატება დაახლოებით 0,8°C-ით.
მაღალი ტემპერატურა ზრდის გარემოს დაბინძურების შანსს, რასაც თან ახლავს წყლითა და
საკვებით გადაცემულ დაავადებათა რიცხვის საგრძნობი მატებაც.
სიცხეების დადგომასთან ერთად
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის მიერ პროფილაქტიკური ღონისძიებების
გაძლიერება საკვებითა და წყლით განპირობებული ნაწლავთა მწვავე ინფექციების თავიდან
ასაცილებლად.
ამ მიზნით,
გირჩევთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- მოხარშული პროდუქტები მაცივარში უნდა
ინახებოდეს დახურულ ჭურჭელში;
- მაცივარში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი უმი
პროდუქტების შესანახი ადგილი;
- შეძენილი პროდუქტები უნდა შევახვიოთ ან ჩავდოთ
პოლიეთილენის პარკებში;
- უმი და მოხარშული პროდუქტებისათვის უნდა იყოს
სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და
ბოსტნეულისათვის) ან ერთი დაფის სხვადასხვა მხარე;
- დაფები, ისევე როგორც სამზარეულოს სხვა
მოწყობილობა და ჭურჭელი, საჭმლის მომზადების შემდეგ უნდა გაიწმინდოს,
გაირეცხოს თბილი წყლით, დაიმდუღროს და გამშრალდეს. ხორცსაკეპი მანქანა უნდა
დაიმდუღროს ხმარებამდეც;
- სალათები უნდა შევკაზმოთ მაიონეზით ან არაჟნით
უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ;
- მწვანილი, ხილი და კენკროვანი, ჯერ უნდა
წყალში ჩალბეს 10-15 წუთით და შემდეგ გულდასმით გაირეცხოს გამდინარე სუფთა
წყლით;
- ხელები უნდა დავიბანოთ საჭმლის მომზადების
წინ, მოხარშული ან შემწვარი პროდუქტების დამუშავებამდე და აუცილებლად
საპირფარეშოს შემდეგ და ჭამის წინ;
- წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,
წყალმა უნდა იდინოს ონკანიდან არანაკლებ 10 წუთისა, სანამ მას გამოვიყენებთ
სასმელად ან საკვების გასარეცხად. დაუშვებელია ისეთი წყლის წამოუდუღებლად
დალევა, რომლის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული არა ვართ. უსაფრთხოა
ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით
დეზინფიცირდება;
- არ შეიძლება ბავშვებს დავალევინოთ აუდუღარი
რძე და წყალი. ანადუღარი წყალი თავდახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდეს;
- სიფრთხილეა საჭირო ღია წყალსატევების სარეკრეაციო
მიზნებით გამოყენებისას (ბანაობა, თევზჭერა). მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ
გადაგვეყლაპოს ასეთი წყალი;
- მეტად მნიშვნელოვანია ბუზების წინააღმდეგ
ბრძოლა;
- არაკანალიზირებულ დასახლებაში საპირფარეშოები
ისე უნდა მოეწყოს, რომ შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს ფეკალურ მასებთან
ცხოველებისა და ბუზების კონტაქტი.
გახსოვდეთ:
- ნაწლავთა მწვავე ინფექციების პირველივე
კლინიკური სიმპტომების გამოვლენისთანავე (ფაღარათი, გულისრევა-პირღებინება და
სხვ.) სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს და ავადმყოფი მოარიდოთ გარშემომყოფებს,
განსაკუთრებით ბავშვებს;
- ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავოთ კვებისა
და ანტიბაქტერიული წამლების (ანტიბიოტიკების) მიღებისაგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ
ორალური სარეჰიდრაციო საშუალებები (მაგ. რეჰიდრონი) ან ანადუღარი წყალი და
სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისაგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი
გამოიწვიოს;
- ინფექციის გადაცემის გზების შეზღუდვისათვის
აუცილებელია ტუალეტისა და ავადმყოფის ნივთების რეცხვა-დეზინფექცია ქლორის,
ლიზოლის (ან სხვა დეზინფექტანტის) შემცველი სარეცხი საშუალებებით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
www.ncdc.ge