როგორ მოვუაროთ კბილებს

 

    ჯანსაღი კბილები - ლამაზი ღიმილი

    საკვები კარიესის წინააღმდეგ

    კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში და მისი მოხმარება სხვადასხვა პერიოდში

    როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი?

    რა უნდა ვიცოდეთ კბილის პასტების ირგვლივ?

    როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად

    საღეჭი რეზინი გამოვიყენოთ თუ არა იგი?

 

 

ჯანსაღი კბილები - ლამაზი ღიმილი

უდავოა ის ფაქტი, რომ ადამიანის მომხიბვლელობასა და კარგ იმიჯს დიდად განსაზღვრავს მისი ღიმილი, რომელიც ძირითადად კბილების მდგომარეობაზე, მათ სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. გარდა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც, თავის მხრივ, მოსდევს სხვა ორგანოებსა და სისტემებში პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო - ) ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჩვენი პლანეტის მოზრდილი მოსახლეობის 95%-ს აღენიშნება პაროდონტის დაავადებები (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი), რომლებიც კარიესთან ერთად დღეისათვის კბილების ნაადრევი დაკარგვის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. უდიდეს როლს ამ დაავადებების აღმოცენებაში თამაშობს ის ფაქტი, რომ ადამიანებმა არ იციან კბილების სწორი მოვლა.

უმრავლესობისათვის უცნობია ის ფაქტი, რომ ძალზედ მარტივი საშუალებების გამოყენებით, ანუ კბილებზე დროული ზრუნვისა და კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია შევამციროთ კარიესის განვითარება 80%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ 10 დაბჟენილი კბილის პატრონს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ 2 ნამკურნალები კბილი! ამიტომაც, შევეცადეთ თქვენთვის მოგვეწოდებინა ის მარტივი, ადვილად განხორციელებადი და შესრულებადი რჩევები, რომლებიც აგაცილებთ ტკივილს, სტომატოლოგთან არცთუ სასიამოვნო ხშირ ვიზიტებს, დროისა და საკმარისად სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს.

 

 

საკვები კარიესის წინააღმდეგ

 

  კარიესის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კვებაზე. თუ გავითვალისწინებთ სპეციალისტთა რამოდენიმე რჩევას საკვებთან დაკავშირებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ კარიესული პროცესი:

საჭიროა განისაზღვროს საკვების მიღების რაოდენობა (ჯერადობა) - მნიშვნელოვანი არ არის სამჯერ ვიკვებებით თუ ოთხჯერ, მთავარია ხშირად არ მივიღოთ საკვები. ხშირი წახემსება არ უხდება კბილებს, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები (განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი) წარმოადგენს კარგ საკვებ არეს მოკროორგანიზმებისათვის, შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფადაც მრავლდებიან;

უნდა შევამციროთ ტკბილეულის მიღება, განსაკუთრებით კვებას შორის შუალედებში. შაქრის არსებობა პირის ღრუში ასტიმულირებს მიკრობების გამრავლებასა და მჟავიანობის მომატებას. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ტკბილეულზე, მაშინ უმჯობესია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ შაქრის შემცვლელებს - ქსილიტს, სორბიტს, სახარინს, ასპარტამს. შეამცირეთ პირის ღრუში შაქრის ან სხვა ტკბილეულის დაყოვნების დრო, ნუ გაწუწნით ტბილეულს, სწრაფად გადაჰკარით ტკბილი სითხეები და წვენები და არ დაგავიწყდეთ, მაშინვე გაიწმინდოთ კბილები ჯაგრისით და ფლოსით (სპეციალური ძაფი) და თუ არ არის ამის შესაძლებლობა, წყალი მაინც გამოივლეთ.

საკვები აუცილებდ უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, ცილოვან ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი, რომელსაც შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები. დღიური მოთხოვნილება კალციუმზე შეადგენს 1000 მგ, ხოლო რაც შეეხება ხორცსა და თევზს, მათი შემცველობა საკვებში ყოველდღიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გრამს.

ოპტიმალურია, თუ საკვების ყოველი მიღების შემდეგ გაიწმინდავთ კბილებს კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით. თუ თქვენ არა გაქვთ დღის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ მიზანშეწონილია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება. მათ შემადგენლობაში მყოფი შაქრის შემცვლელები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ მიკრობებზე, ასევე აღადგენენ მჟავა-ტუტე წონასწორობას პირის ღრუში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მცირეწლოვანი ბავშვების კვება. უნდა გვახსოვდეს, რომ დედის რძე და აგრეთვე ყველა სითხე, წყლის გარდა, რომელსაც ვასხამთ ბავშვის საკვებად ბოთლში (სხვადასხვა რძე, ნარევები ბავშვთა კვებისათვის, ხილის წვენები), ამა თუ იმ რაოდენობით შეიცავენ შაქარს. ნუ მისცემთ ბავშვს ასეთი სითხეებით სავსე საწოვარიან ბოთლს დიდხანს საწოვებლად. ე.წ. საწოვარას კარიესი, რომელიც ხასიათდება სკოლამდელ ასაკში ზედა წინა კბილების კარიესული დაზიანებით, ხშირად ემართებათ აგრეთვე იმ ბავშვებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში რამოდენიმეჯერ კვებავდნენ ღამის განმავლობაში ძუძუთი.

 

 

კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში და მისი მოხმარება სხვადასხვა პერიოდში

 

 

კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში (მგრ - 100გრ პროდუქტში)

(საიტის Calcium D3 Nycomed მასალების მიხედვით- www.calciumd3.ru)

 

რძის პროდუქტები:

Ca-ის შემცველობა 100გრ პროდუქტში

რძე 3%

100

რძე 1%

120

ხაჭო

95

მდნარი ყველი

300

ყველი

600

არაჟანი

100

თხის ყველი

300

იოგურტი

120

დიეტური იოგურტი

85

მწვანე სალათი

83

კომბოსტო

60

ნიახური

240

ხახვი

60

ლობიო

40

ზეთისხილი

77

ჭვავის პური

60

ხორბლის პური

30

ფორთოხალი

35

ვაშლის ჩირი

45

ლეღვი

57

გარგარის ჩირი

170

ქიშმიში

56

ნუში

254

არაქისი

70

კუნჟუტი

1150

გოგრის თესლი

60

მზესუმზირა

100

შებოლილი თევზი ძვლით

3000

სარდინი ძვლით

350

მოხარშული თევზი

20-30

ძროხის ხორცი

10-30

 

 

 

 

კალციუმის ოპტიმალური მოხმარება ადამიანის ცხოვრების

სხვადასხვა პერიოდში

(საიტის Calcium D3 Nycomed მასალების მიხედვით- www.calciumd3.ru)

 

ადამიანის ცხოვრების ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებები

კალციუმის რეკომენდებული მოხმარება ჯანმრთელ პირებში (მგრ/დღეღამეში)

ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ბავშვები

400

1-5 წლის ასაკი

600

6-10 წელი

800-1200

მოზარდები და ახალგაზრდები (11-24 წელი)

1200-1500

ქალები - 15-50 წელი

1000

ორსული და მეძუძური ქალები

1200-1500

ქალები პოსტმენოპაუზაში

1500

ქალები პოსტმენოპაუზაში, რომლებიც იღებენ ესტროგენებით ჩამნაცვლებელ თერაპიას

1000

მამაკაცები 25-65 წლის

1000

მამაკაცები და ქალები 65 წლის ზემოთ

1500

 

 

 

როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი

სტომატოლოგები არ ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ მასალა, რომლითაც დამზადებულია კბილის ჯაგრისი, მისი ესა თუ ის ფორმა და დიზაინი, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე. დღეს კბილის ჯაგრისები საჭიროებენ აუცილებელ სერტიფიკაციას და შეფასებას რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით:

პირველ რიგში, ეს არის სიმაგრე: არჩევენ უხეშ (hard) საშუალო სიუხეშის (medium) და რბილ (soft) ჯაგრისებს. ზოგიერთი ფირმა ამზადებს ძალიან რბილ (extra soft) ჯაგრისებს. უხეში ჯაგრისის საშუალებით ხდება ღრძილების მძლავრი მასაჟი, ამიტომაც ასეთი ჯაგრისი შეუძლია იხმაროს მან, ვინც დარწმუნებულია თავისი ღრძილების სიმაგრეში. რაც შეეხება ჯაგრისის გამასუფთავებელ უნარს, იგი არ არის დამოკიდებული სიმაგრეზე. რბილი და ძალზე რბილი ჯაგრისები უნდა იხმარონ მათ, ვისაც აქვს ხშირი სისხლდენები ღრძილებიდან, ვინაიდან ისინი ნაკლებ ტრავმულები არიან. საშუალო სიმაგრის ჯაგრისს ირჩევენ ისინი, რომელთაც უჭირთ მათ შორის ზუსტი არჩევანის გაკეთება.

მეორე ეს არის მასალა, რომლითაც დამზადებულია ჯაგრისი: სტომატოლოგები არ წყალობენ ბუნებრივი მასალისაგან, მაგ. ღორის ჯაგრისაგან, დამზადებულ ჯაგრისებს, ვინაიდან იგი ადვილად შეიძლება ამოძვრეს ბუდიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც კი აღმოჩნდეს. მათგან განსხვავებით, თანამედროვე მასალები ნაკლებად შრევდება, ნაკლებად ძვრება ბუდიდან და მათში ნაკლებად მრავლდება მიკრობები. ზოგიერთ ჯაგრისში გამოიყენება სპეციალური საღებავი, რომელიც თანდათანობით იცვლის ფერს, რითაც მფლობელს აძლევს ნიშანს, რომ უკვე ჯაგრისის შეცვლის დრო დადგა.

ჯაგარი საგულდაგულოდ უნდა იყოს გაკრეჭილი და ძალიან არ სცილდებოდეს პლასტიკატის თავს. გაწეწილ ჯაგრისს ეჭვით უნდა შევხედოთ. ორ საფეხურად (დონედ) გაკრეჭილი ჯაგარი გამოირჩევა კბილებს შორის ნაპრალების კარგი გაწმენდის უნარით. სწორედ ამ მიდამოში ჩნდება უფრო ხშირად კარიესი.

მესამე ეს არის ჯაგრისის ფორმა და კონსტრუქცია, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯაგრისის შეძენისას. ტარზე განლაგებული რეზინის განივი ღარები ხელს უშლიან ჯაგრისის სრიალს ხელში და შესაბამისად, ღრძილების ტრავმატიზაციას. ღრძილზე ზეწოლის სიძლიერე (წნევა) მცირდება ჯაგრისის გადაღუნვით ან ტარის დაგრძელებით, რასაც მიმართავენ ზოგჯერ მწარმოებლები. რაც შეეხება ფორმას, უმჯობესია მრგვალი ფორმის არჩევა, რომელიც პირის ღრუს ლორწოვანის ნაკლებ ტრავმატიზაციას იწვევს. ზომა უნდა ავირჩიოთ პირის ღრუს ინდივიდუალური ზომის გათვალისწინებით. უმჯობესია ავირჩიოთ შედარებით პატარა ზომის თავის მქონე ჯაგრისი, ვინაიდან დიდი ზომის შემთხვევაში, მისით მანიპულირება პირის ღრუში გაძნელებულია. მექანიკური ჯაგრისი შექმნილია ზარმაცებისათვის და მისი შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის ბიუჯეტის შესაძლებლობები.

დღეისათვის ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი და უხარისხო პროდუქციით. დაბალი ხარისხის მქონე ჯაგრისების სახელწოდებები ემსგავსება მათ ხარისხიან ანალოგებს, თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს განსხვავებას დასახელებაში, მაგ. Aquaphresh და Aquafresch, ან Rich და Reech და ა.შ. ასეთ ჯაგრისებში გამოყენებული მასალები ჰიგიენური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ხარისხიანი კბილის ჯაგრისი იაფი არ არის, მაგრამ ეკონომია ამ შემთხვევაში ძვირი გვიჯდება. უხარისხო ჯაგრისით კბილის გაწმენდა ხშირად არაეფექტურია, გარდა ამისა, მას შეიძლება მოყვეს ემალის დაზიანება, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილის ქვის გაჩენა.

კბილები ჯაგრისით უნდა გავიწმინდოთ დღეში ორჯერ. ოპტიმალურია, თუ თქვენ ამის გაკეთების შესაძლებლობა გეძლევათ ყოველი კვების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ საღეჭი რეზინი. მართალია, მისი მეშვეობით სუფთავდება კბილის მხოლოდ საღეჭი ზედაპირი, მაგრამ ამავე დროს ხდება დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა, რომელიც ახდენს კბილებიდან საკვების ნარჩენების ჩამორეცხვას. კბილის გასუფთავება, გარდა ჯაგრისის ხარისხისა, ასევე დამოკიდებულია კბილის პასტაზეც, რაც ცალკე საუბრის თემაა.

 

 

 

რა უნდა ვიცოდეთ კბილის პასტების ირგვლივ?

 

 სარეკლამო ტრიუკების შედეგად ადამიანები ხშირად არასწორად ირჩევენ კბილის პასტას.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის კბილის პასტა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური.

პირველი მოწოდებულია მხოლოდ კბილების გასასუფთავებლად საკვების ნარჩენებისაგან და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ასეთი პასტების გამოყენება რეკომედებულია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი კბილები და რეგულარულად აკითხავს სტომატოლოგს.

კბილის პასტათა უმრავლესობა მიეკუთვნება სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტების ჯგუფს. გარდა კბილის გასუფთავებისა, მათ დანიშნულებაში შედის კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევი მიკროფლორის დათრგუნვა, კბილების ემალის რემინერალიზაცია, ანთებითი მოვლენების შემცირება პაროდონტის დაავადებების დროს, ასევე კბილების გათეთრება. მათ შორის განარჩევენ კარიესის საწინააღმდეგო პასტებს, რომლების შეიცავენ კალციუმსა და ფტორს, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პასტებს (ტყის, კოლგეიტი-ტყის ბალახებით და სხვ.) და მათეთრებელ პასტებს. ყველა ეს ნივთიერება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ კბილის გაწმენდის პროცესი გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს.

კარიესის საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს კბილის პასტებში ფტორიდებისა (ნატრიუმის ფტორიდი, კალას ფტორიდი, ამინოფტორიდი, მონოფტორფოსფატი და სხვ.) და კალციუმის (კალციუმის გლიცეროფოსფატი) შემცველობა.

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, კერძოდ ფტორის შემცველი კბილის პასტები უნდა გამოვიყენოთ დღეში 2-3 ჯერ, რათა ნერწყვში დაგროვდეს ფტორის საკმარისი რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში, ამიტომ სასარგებლოა ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა.

პასტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მიიღწევა მასში სხვადასხვა მცენარეების ექსტრაქტების (პიტნა, სალბი, გვირილა და სხვ.) დამატებით.

მათეთრებელი პასტები შეიცავენ ნატრიუმის ბიკარბონატს ანუ სოდას, რომელიც ხასიათდება გამოხატული აბრაზიული მოქმედებით. ჩვეულებრივ მათ ხმარობენ კვირაში 1-2 ჯერ, ვინაიდან ასეთი პასტების ყოველდღიური გამოყენება არ არის რეკომენდებული ემალის დაზიანების რისკის არსებობის გამო.

პასტის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მთელი რიგი დამხმარე ნივთიერებები, მაგ. დეტერგენტები (ნატრიუმის ლაურილ ფოსფატი), რომლებიც გამოიყენებიან აგრეთვე შამპუნების წარმოებაში და იწვევენ ქაფის წარმოქმნას. აბრაზიული ნივთიერებები (ალუმინის ქვეჟანგი, ცარცი, ნატრიუმის ბიკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი) ახდენენ კბილის ზედაპირის გაწმენდას ნადებისა და მიკრობებისაგან.

პასტების შემადგენლობაში შედის აგრეთვე მჟავიანობის სტაბილიზატორები, ვინაიდან მჟავე არე ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. ისინი იწვევენ პირის ღრუს pHის გაზრდას. სხვა ნივთიერებები აუჯობესებენ პასტის საგემოვნო თვისებებს და მოწოდებულია მომხმარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

ოპტიმალურია, თუკი კბილის პასტას შეგირჩევთ სტომატოლოგი. შეიძლება თვითონაც გააკეთოთ ეს, თუკი გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს:

- ძვირიანი კბილის პასტა უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე იაფიანი. უმჯობესია ცვალოთ კბილის პასტები;

- თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებისადმი, დილით უნდა იხმაროთ კარიესის საწინააღმდეგო პასტა, ხოლო საღამოს კი ანთების საწინააღმდეგო;

- შეიძინეთ მხოლოდ ის პასტა, რომელსაც აწერია: აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, რაც ნიშნავს, რომ პასტა შემოწმებულია და იგი შეიცავს ფტორს საკმარისი, ეფექტური და უსაფრთხო რაოდენობით;

- ყურადღებით გაეცანით კბილის პასტაზე წარწერილ ინსტრუქციებს;

- ჩვეულებრივ, საკმარისია პასტის მხოლოდ მცირე რაოდენობის (დაახლ. მწვანე ბარდის ზომა) გამოყენება;

- მეტად მნიშვნელოვანია, დაიცვათ კბილის გაწმენდის ტექნიკა;

- კბილის გაწმენდის პროცესში არასოდეს არ გადაყლაპოთ პასტა. ეს შენიშვნა ეხებათ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს;

- სამი წლის ასაკამდე კბილების გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ ბავშვებისათვის სპეციალურად დამზადებული ხსნარი, კბილის პასტის ნაცვლად;

- ასწავლეთ ბავშვებს კბილების სწორად გამოწმენდა და შეამოწმეთ, თუ რამდენად სწორად ფლობენ ისინი ამ უნარ-ჩვევებს. ყურადღება მიაქციეთ მათ, განსაკუთრებით 6 წლის ასაკამდე, რათა კარგად გამოივლონ წყალი და არ გადაყლაპონ პასტა.

 

 

 

როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად?

   ?პირველი კბილის ჯაგრისის გამოჩენის დღიდან მოწოდებული იქნა კბილის გაწმენდის რამოდენიმე მეთოდი, მაგ. ჩარტერის, სტილმანის, სმიტ-ბელის, რეიტეს, ფონესის, ბასისა და სხვათა მეთოდებს აღენიშნებოდათ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სტომატოლოგი უნდა ურჩევდეს პაციენტს, მისი პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით, კბილის გაწმენდის ამა თუ იმ მეთოდს. თუმცა, არსებობს კბილების გასუფთავების, როგორც ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული მეთოდები. მათი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.

კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:

1.      ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში;

2.      დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს;

3.      ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ კბილების შიდა ზედაპირი (ენის მხარეს);

4.      ამის შემდეგ შეუდექით კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდას. საჭიროა შესრულდეს პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს;

5.      გაიმეორეთ ყველა ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისათვის;

6.      წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ პერპენდიკულარულად;

7.      დაასრულეთ კბილების გაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.

კბილების საღეჭ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, მაშინ როდესაც კბილებს შორის დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც ე.წ. ფლოსები, რომელთა საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები. ფლოსი, ანუ კბილის გასაწმენდი სპეციალური ძაფი ჩვენი ქვეყნის სააფთიაქო დახლებზე მხოლოდ უკანასკნელ წლებში გამოჩნდა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას გამოკითხულთა მხოლოდ 1,5% იცნობს და ადამიანთა ეს მცირე რაოდენობაც კი მას მხოლოდ კვირაში ერთხელ იყენებს. კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება - ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.

დაიმახსოვრეთ: კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წთ-ზე ნაკლებ დროს. უმჯობესია, თუკი მას 5 წთ-ს დაუთმობთ. სასურველია, სააბაზანო ოთახში იქონიოთ საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ დროში ორიენტაცია. კარგი იქნება, თუკი პროცედურას დაიწყებთ პირის ღრუში ფტორის შემცველი ხსნარის გამოვლებით, შემდეგ ჩაატარებთ კბილების გაწმენდის სტანდარტულ პროცედურას, ხოლო დაასრულებთ ენის ზედაპირის გაწმენდითა და წყლის გამოვლებით. ძილის წინ კბილებს შორის არსებული ზედაპირისა და ნაპრალების დასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ ფლოსი. რაც შეეხება ელექტრულ კბილის ჯაგრისებს, სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ Braun Oral B ელექტროჯაგრისს, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებით ეფექტურად ხდება კბილის ნადების მოცილება და ღრძილების მასაჟი.

 

საღეჭი რეზინი გამოვიყენოთ თუ არა იგი?

უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე წონასწორობაზე საღეჭი რეზინის ზეგავლენის შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.

ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. საღეჭი ინდუსტრის სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება. 1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ნაშრომი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ მუდმივი ღეჭვა ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რის შემდეგაც, საღეჭი რეზინი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური ულუფის აუცილებელი კომპონენტი.

არსებობს კიდევ რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც საღეჭი რეზინის გამოყენება სასარგებლოა ადამიანისათვის:

        საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაზრისით იგი ვერ შეედრება კბილის ჯაგრისს, ვინაიდან ღეჭვისას სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი;

        ღეჭვის პროცესში ხდება ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, რომლის ხარჯზეც პირის ღრუდან ხდება საკვების ნარჩენების ჩამორეცხვა და მოცილება;

        საღეჭ რეზინში არსებული შაქრის შემცვლელები (სორბიტოლი, ქსილიტი) ახდენენ მჟავა-ტუტე წონასწორობის აღდგენას. ცნობილია, რომ მჟავე არე ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას, ხოლო ტუტე არე კი პირიქით;

        ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი ამაგრებს ღრძილებს, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს წინ აღუდგეს გინგივიტსა და პაროდონტიტს.

საღეჭ რეზინს აქვს უარყოფითი თვისებებიც:

        ბაზარი გაჯერებულია შაქრის შემცველი ისეთი საღეჭი რეზინის ფართო ასორტიმენტით, რომელიც იწვევს pH-ის შემცირებას და შესაბამისად, ხელს უწყობს კარიესის განვითარებას;

        ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი მავნე ზეგავლენას ახდენს ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის მდგომარეობაზე, ამიტომ ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის;

        ხანგრძლივი ღეჭვა ცვლის სახის ფორმას. საღეჭი კუნთების ჰიპერტროფიის გამო სახე კვადრატული ხდება. იცვლება თანკბილვაც, ამიტომაც არ არის რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ 10 წთ-ზე ხანგრძლივად.

        საღეჭი რეზინი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ, გასტროენტეროლოგების აზრით, საღეჭი რეზინის ღეჭვა უზმოზე იწვევს გასტრიტის გაჩენას ან გამწვავებას;

იმედია, თქვენ გაითვალისწინებთ ყოველივე ზემოთთქმულს და სწორად გამოიყენებთ საღეჭ რეზინს!

 

 

 

და ბოლოს:

 

 

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, მივმართოთ სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, პროფილაქტიკური გასინჯვისა და პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენის ჩასატარებლად!