ვენების ვარიკოზული დაავადება

 

 

 

 

 

რა არის ვარიკოზი

 

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება (varix -კვანძი, შებერილობა, ლათ) - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ვარიკოზული დაავადება  ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ.

ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის  ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.

ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები (მათ შორის საყლაპავის,  სასქესო ბაგირაკის და სხვ), შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.

 

 

ვარიკოზული დაავადების მიზეზები

 

ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა.

ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც გრავიტაციის ძალაა. ვენების დაავადება, ეს არის ადამიანების ”გადასახადი” ვერტიკალური (ფეხზე მდგარი) ცხოვრების წესის გამო.  შესაბამისად, დაავადების განვითარების ყველაზე მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა.

ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.

ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რაც თავის მხრივ აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების ვენებიდან. გარდა ამისა, ვენების დაავადება დაკავშირებულია ქალებში ჰორმონალური ფონის შეცვლასთან ორსულობის პერიოდში და ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.

და ბოლოს, ვენების ნორმალური მუშაობა ირღვევა ხანდაზმული ასაკის ადამინებში, რაც სავსებით კანონზომიერია.

 

 

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები

 

ვენების დაავადების პირველი ნიშანი ეს არის არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.

მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, და ბოლოს, ფართოვდება კანქვეშა ვენები, რომლებიც ემსგავსებიან გადამწიფებული წითელი ყურძნის მტევნებს.

შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება),  ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.

 

 

ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკა

 

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ-ფლებოლოგს (ვენების სპეციალისტი-ქირურგი).

პირველადი გასინჯვის შემდეგ ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევა. ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.

 

 

მკურნალობის ძირითადი მეთოდები

 

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო ტრიკოტაჟი.

ადამიანმა ექიმ-ფლებოლოგს უნდა მიმართოს დაავადების საწყის სტადიაზე, ”მძიმე ფეხის სინდრომის” ეტაპზე. ამ ეტაპზე გამოიყენება ვენოტონური საშუალებები სხვადასხვა მალამოებისა და აბების ფორმით. სამწუხაროდ, მკურნალობას შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს დაავადების განვითარება, მაგრამ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.

ვარიკოზული  ვარსკვლავები (0,2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის შემთხვევაშიც კი) შეიძლება უმტკივნეულოდ მოცილდეს მიკროთერმოკოაგულაციის მეთოდით, რომლის დროსაც ხდება კაპილარის სანათურის ”შეწებება” ოქროთი ან ტეფლონით დაფარული უწვრილესი  ელექტროდისა და მაღალსიხშირული ელექტრული იმპულსის გამოყენებით.

თუკი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების დიამეტრი 0,2მმ-ს აღემატება, იყენებენ მიკროსკლეროთერაპიის მეთოდს, რომლის დროსაც კაპილარში უწვრილესი ნემსით შეჰყავთ სპეციალური შემწებებელი პრეპარატი.

როდესაც ვენები გამოიბერება კანის ზედაპირიდან, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ყოველთვის როდი არის აუცილებელი ოპერაციის ჩატარება. განვითარებულ ქვეყნებში  პაციენტთა უმრავლესობას (შემთხვევათა 90%-ში) უტარდება სკლეროთერაპია. ამ მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვენაში სპეციალური შპრიცით შეჰყავთ მასკლეროზებელი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის სანათურის შეწებებას და დახურვას. თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთია. იგი საშუალებას იძლევა, ამორჩევითად მოცილებული იქნას მხოლოდ ვარიკოზულად შეცვლილი ვენები, ჯანმრთელი უბნების შენარჩუნების ფონზე. ამ დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ქრება შეგუბებითი ცვლილებები, მცირდება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, კრუნჩხვები, დაღლილობა. თანდათანობით ქრება პიგმენტური ლაქები. განასხვავებენ სკლეროთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით:

·         უშუალოდ ვარიკოზული ვენების სკლეროთერაპია;

·         ექო-სკლეროთერაპია (პრეპარატის შეყვანა ვენის სანათურში წარმოებს ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ);

·         Foam-form სკლეროთერაპია (სკლეროზანტი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გარდაიქმნება წვრილდისპერსიულ ქაფად, რომელიც შეჰყავთ საკმაოდ მსხვილი ვენების სანათურში).

სკლეროთერაპიის მეთოდი საკმაოდ ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს კარგ კოსმეტიკურ და სამკურნალო ეფექტს. მხოლოდ შემთხვევათა 25%-ში არ მოაქვს მას განკურნება, თუმცა ამ დროსაც კი გაუმჯობესება სახეზეა.

კარგი შედეგები აქვს ოზონოთერაპიას, რომლის დროსაც ”ცუდი” ვენების გამოთიშვის გარდა უმჯობესდება კანის სტრუქტურაც.

როცა სახეზეა ტროფიკული წყლულები, ეგზემა, თრომბოფლებიტი, ამ შემთხვევაში ნაჩვენებია კომბინირებული მეთოდიკა (სკლეროთერაპია პლუს ქირურგიული მკურნალობა).

ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით. უნდა აღინიშნოს, რომ კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის.  გაფართოებული ზერელე ვენებიდან ნორმაში მიედინება მხოლოდ სისხლის 10%. დანარჩენ დატვირთვას იღებს ქვედა კიდურების ღრმა და ე.წ. შემაერთებელი ვენები. ამიტომაც ეს ვენები ზედაპირული ვენების ფუნქციას ყოველგვარი სირთულის გარეშე აკომპენსირებენ.

 

 

 

ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა

 

ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:

 

და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს, რომელიც დროულად შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას, რაც შეანელებს დაავადების შემდგომ პროგრესირებას!

 

 

 

სამკურნალო ფიზკულტურა ვარიკოზის დროს

 

ვარიკოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სასარგებლოა ვარჯიშები ქვედა კიდურებისათვის. ეს ამცირებს ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებას, ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, ხელს უშლის ვენური სისხლის შეგუბებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს ვარჯიში მათთვის, ვისაც დიდხანს უხდება სამსახურში ფეხზე დგომა ან ჯდომა  - მძღოლების, პროგრამისტების, მწერლების, პარიკმახერების, ქირურგებისათვის და სხვ..

 

 

სკამზე მჯდომარე მდგომარეობაში, ფეხის ფეხზე მიყრდნობით, დაუშვით ისინი ჯერ ფეხის წვერებზე, შემდეგ ქუსლებზე (15-20-ჯერ)

 

დაეყრდენით ორივე ხელს, როგორც ეს სურათზეა მითითებული, აიწიეთ ფეხის წვერებზე, შემდეგ დაეშვით ქუსლებზე (15-20-ჯერ)

 

 

 

მიეყრდენით ორივე ხელით კედელს (მხრების სიმაღლეზე), მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ქუსლებზე (20-ჯერ)

 

 

შესუნთქვისას ასწიეთ ხელები ზევით და დადექით ფეხის წვერებზე. ამოსუნთქვისას მოდუნდით, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები (20-ჯერ)

ფეხების მოძრაობა სხვადასხვა მხარეს - ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ)

ორივე ფეხის წვერზე ერთდროულად აწევა (15-20-ჯერ)

 

 

 

კოსმეტოლოგიური პროცედურები ვარიკოზის დროს

 

სისხლძარღვოვანი პათოლოგიის მკურნალობა სპეციალისტ-ფლებოლოგების საქმეა, თუმცა ავადმყოფის მდგომარეობა შეუძლია გააუმჯობესოს კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც.

ქრონიკული ვენური უკმარისობის პირველ სტადიაზე, როდესაც თერაპია შემოიფარგლება ვენოტონური საშუალებებით და კომპრესიული ტრიკოტაჟით,

რეკომენდებულია შემდეგი პროცედურები:

·         ლიმფოდრენაჟული მასაჟი - მოქმედებს როგორც სისხლძარღვებზე, ასევე ამცირებს ცელულიტის მოვლენებსაც. კარგი ეფექტი აქვს ციტრუსოვანი არომატული ზეთების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით С ვიტამინს.

·         კრიოგენული შეხვევები - ისეთი ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვის კედელს (მენთოლი, ცხენისწაბლა და სხვ.);

·         ცხელი შეხვევები ბარძაყის მიდამოში (თუკი არ არის აქ ვარიკოზული ვენა) და ცივი - წვივზე, რაც იწვევს წნევის ცვლილებას, დგუშის ეფექტს, აუმჯობესებს სისხლის განდევნას და ლიმფოდრენაჟს;

·         კონტრასტული პროცედურები - ხდება სისხლძარღვების ტრენირება, მაგრამ ტემპერატურის ცვალებადობა არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი.

 

ვარიკოზული ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, კოსმეტოლოგი ვალდებულია პაციენტი გააგაზავნოს ფლებოლოგთან, წინააღმდეგ შემთხვევებში სხვადასხვა ტიპის კოსმეტოლოგიურმა პროცედურამ (თერმო-პროცედურები, ინტენსიური ხელით და ვაკუმ-მასაჟი, თაფლით შეხვევები) შეიძლება გამოიწვიოს ახალი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები გაჩენა, ანტიცელულიტურმა ლიპოლოზურმა მასაჟმა კი - თრომბოფლებიტის განვითარება.

უკვე დადგენილი ვენური პათოლოგიის შემთხვევაში, გახსოვდეთ:

·         თავი შეიკავეთ ნებისმიერი გამახურებელი, ტრავმული მანიპულაციების წარმოებისაგან უშუალოდ დაზიანებული სისხლძარღვის მიდამოში;

·         შეგიძლიათ აწარმოოთ სხეულის მიოსტიმულაცია, ლიმფოდრენაჟი აპარატული მეთოდიკების გამოყენებით, მაგრამ არ შეიძლება ელექტროდების დადება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების მიდამოში;

·         სხეულის კორექციის პროგრამის შესრულებისას შეგიძლიათ არ მოერიდოთ ბარძაყის გარეთა ზედაპირისა და დუნდულოს მიდამოს მასაჟს;

·         ცვილით ეპილაცია ხანმოკლე თერმული პროცედურაა, ამიტომაც იგი დასაშვებია, თუკი შემდეგ გაიგრილებთ ფეხს გამაგრილებელი ნახვევით ან გრილი წყლის  შხაპით;

·         ფლებოლოგების მიერ აკრძალულია აბანოსა და სოლარიუმის სტუმრობა;

·         მეზოთერაპიის წარმოებისას თავი უნდა ავარიდოთ დაზიანების ზონებს;

·         ვენური უკმარისობის დროს კარგ ეფეტს იძლევა მეზოოზონოთერაპია, რომელიც აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აქვს კარგი ანტიცელულიტური ეფექტი; 

·         კატეგორიულად არ შეიძლება ვაკუუმ-მასაჟი.

და ბოლოს, სასურველია, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების არსებობის შემთხვევაში ფლებოლოგმა და კოსმეტოლოგმა შეთანხმებულად იმუშაონ: ჯერ ფლებოლოგმა ჩაატაროს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ხოლო სარეაბილიტაციო პროცედურები კოსმეტოლოგმა განაგრძოს.

 

 

როგორ ავირჩიოთ სწორად ფეხსაცმელი?

 

ჩვეულებრივ, ფეხსაცმლის არჩევისას  ძირითადად ხდება ყურადღების გამახვილება მის გარეგნულ მხარეზე, მოდურობაზე, რაც არასწორია. ამ საკითხს ბევრად უფრო მეტი სეროზულობით უნდა მივუდგეთ, ვინაიდან ფეხსაცმლის ხარისხზე და სტილზე დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, სჯობს არ გავწიოთ ეკონომია და მეორეს მხრივ, უარი ვთქვათ ლამაზ, მაგრამ მოუხერხებელ ფეხსაცმელზე. აი რამდენიმე რჩევა:

·         არ შეიძინოთ ახალი ფეხსაცმელი დილით: საღამოსათვის ქვედა კიდურები ხსირად შუპდება და ფეხსაცმელი შეიძლება ვიწრო აღმოჩნდეს;

·         ფეხსაცმელი უნდა იყოს ზუსტად თქვენი ზომა, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, ვინაიდან ამ შემთხვევაში უარესდება სისხლის მიმოქცევა. სასარგებლო არც ზედმეტად თავისუფალი ფეხსაცმელია - ის ხელს უწყობს კოჟრების გაჩენას, ქვედა კიდურების კუნთები კი მუდმივად დაძაბულია; 

·         აირჩიეთ რბილი, მოქნილძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც ხელით უნდა იღუნებოდეს, ტყავი კი ძალიან არ უნდა განიცდიდეს დეფორმაციას. არასასურველია ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელი;

·         ყოველდღიურ ფეხსაცმელს, უმჯობესია, ქონდეს დაბალი  (არაუმეტეს 2-4 სმ) და განიერი ქუსლი. მაღალი და წვრილი ქუსლი მავნეა, როგორც ტერფის წინა, ასევე შუა და უკანა ნაწილისათვის. ასეთ ფეხსაცმელში ტერფზე დატვირთვა არაფიზიოლოგიურად ნაწილდება - ადამიანს უწევს ”ფეხის წვერებზე” სიარული. გარდა  ტერფის რესორული ფუნქციის მოშლისა, ამ შემთხვევაში, თითოეული ნაბიჯის დროს  დიდი დარტყმა ადგება ხერხემალსაც. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმჯობესია, გამოსასვლელად ვიხმაროთ. ყოველდღიური მოხმარებისათვის არასასურველია ასევე სქელი პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელიც. კანჭის კუნთების გადაღლა ამ შემთხვევაშიც გარანტირებულია. გარდა ამისა, წვრილქუსლიანი ან პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი სახიფათოა მანქანის ტარების შემთხვევაშიც;

·         ყოველდღიურ ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სუპინატორი - მუდმივი ან ჩასაფენი ღაბაში ან ნახევარღაბაში, რომელიც იცავს ფეხს ბრტყელტერფიანობისაგან;

·         ნებისმიერი სეზონისათვის უმჯობესია ნატურალური მასალებისაგან შეკერილი ფეხსაცმელი. ასეთის შეძენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ეცადეთ შიგნითა პირი მაინც იყოს ბუნებრივი მასალისაგან (ტყავი ან ქსოვილი) დამზადებული;

·         საზაფხულო ფეხსაცმლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ სიცხეში ტერფი შედარებით ფართოვდება. ყოველდღიურად სასურველია ღია ფეხსაცმლის ტარება. ლაკისაგან შეკერილი ფეხსაცმელი ცუდად ატარებს სინოტივესა და ჰაერს, ამიტომ ის უმჯობესია საზეიმო ვითარებისათვის შევინახოთ;

·         საგაზაფხულო და საშემოდგომო ფეხსაცმელი არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ უნდა ”სუნთქავდეს”. განსხვავებით საზაფხულო ფეხსაცმელისაგან, თხელი ნახევარჩექმა ფეხზე ძალიან მჭიდროდ არ უნდა იყოს;

·         ზამთრის სეზონის ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს, სქელი ძირი, სასურველია არ იყოს დამზადებული პლასტიკისაგან,  იყოს რეზინის და ქონდეს სპეციალური პროტექტორები, რაც დაგვიცავს დაცურებისაგან. შიდა პირი და ჩასაფენი -უმჯობესია იყოს ნატურალური ბეწვისაგან დამზადებული;

·         განსაკუთრებულ მოთხოვნებია ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევისას. 4-5 წლის ასაკამდე ბავშვის ფეხსაცმელს   სასურველია ქონდეს საკმაოდ მაგარი ზედა ნაწილი და მყარი, ზომიერად დაკლაკნილი ძირი, რომელიც მჭიდროდ დააფიქსირებს ქუსლს და კოჭ-წვივის სახსარს. ქუსლის მიდამო შედარებით რბილი უნდა იყოს, ფეხსაცმლის წვერი კი შედარებით ფართე. ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისათვის, ბავშვის ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ქონდეს სუპინატორი.

·         ასეთივე პრინციპით უნდა შეირჩეს სპორტული ფეხსაცმელიც. ის უნდა შეეფერებოდეს სპორტის არჩეულ სახეობას და ფეხს უნდა იცავდეს ტრავმებისაგან. უნდა იყოს კომფორტული, მსუბუქი, მჭიდრო ქუსლით და რბილი, დრეკადი ძირით. საუკეთესოა ნატურალური ტყავისაგან დამზადებული ბოტასები, რომელსაც ექნება ამოსაღები ღაბაში, რაც შესაძლებელს ხდის მის გარეცხვას და განიავებას. ზომის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ფეხი  ვარჯიშის დროს ფართოვდება.

 

 

ვარიკოცელე

 

ვარიკოცელე - არის სათესლე ბაგირაკისა და სათესლეს ვენების ვარიკოზული გაფართოება და სიტყვა-სიტყვით, ნიშნავს  ”ვენური კვანძებისაგან შემდგარ სიმსივნეს” (ლათ.). ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და აღენიშნება მამაკაცების 10-15%-ს, ხოლო უნაყოფო მამაკაცებს შორის 40%-ში დიაგნოსტირდება.  უფრო მეტიც, მეორადი უნაყოფობის შემთხვევაში, იგი მამაკაცების 80%-ში გვხვდება.

 ისევე, როგორც ქვედა კიდურების ვარიკოზის დროს, ეს დაავადება ვითარდება სათესლეს ვენების სარქველების ცუდად ფუნქციონირების შემთხვევაში, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას, და სისხლძარღვების კედლის თანდათანობით გამობერვას.

უმეტეს შემთხვევებში ვარიკოცელე იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ხშირად გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობის ფონზე. ძალიან ხშირად ვარიკოცელეს მქონე ადამიანების ახლო ნათესავებში აღინიშნება ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბრტყელტერფიანობა, გულის სარქველების მანკი და სხვ.

მთელ რიგ ფაქტორებს (ქრონიკული შეკრულობა ან დიარეა, სიმძიმეების აწევა, მუცლის პრესის დაჭიმულობა და სხვ.) შეუძლიათ ხელი შეუწყონ ვარიკოცელეს განვითარებას, თუმცა, არ გვევლინება უშუალო გამომწვევ მიზეზად.

თავისთავად, ვარიკოცელე არ არის სიცოცხლისათვის საშიში, მაგრამ იწვევს მამაკაცურ უნაყოფობას. სათესლე ბაგირაკის ვენებში სისხლი მიედინება სათესლესა და გარემომცველი ქსოვილებიდან გულისაკენ, ქვემოდან ზევით, რასაც ნორმაში  ხელს უწყობს სპეციალური სარქველების არსებობა. ვენების გაფართოებისას ეს სარქველები წყვეტენ მუშაობას და სისხლი ვენაში იწყებს ”ქანქარისებრ მოძრაობას”, რის შედეგადაც უარესდება სათესლეს სისხლის მიმოქცევა. ვენური ქსელი სათესლეს ირგვლივ სულ უფრო იზრდება და გამოხატულ შემთხვევებში სათესლე ხდება ჩაძირული ვენური სისხლძარღვებისაგან შემდგარ ”ღრუბელში”. ეს იწვევს იმას, რომ სათესლე ვეღარ გრილდება. სპერმატოზოიდების გამოსამუშავებლად კი საჭიროა შედარებით დაბალი ტემპერატურა - 32,5-34,5°С. ანუ, ვარიკოცელეს დროს სპერმატოზოიდების გამომუშავება წყდება, რაც არის უნაყოფობის მიზეზი. გარდა ამისა, ვარიკოცელეს დროს სათესლეს ქსოვილში ხდება ე.წ. ასეპტიური აუტოიმუნური ანთების განვითარება. იგი მით უფრო ძლიერად არის გამოხატული, რაც უფრო უკეთესია მამაკაცის იმუნიტეტი.

ვარიკოცელეს დიაგნოზის დასმა ხშირად ხდება შემთხვევით, სხვა მიზნით ჩატარებული სამედიცინო დათვალიერების შემდეგ. ამ დაავადებაზე სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უნდა მიმართოთ ექიმ-უროლოგს. როგორც წესი, ვარიკოცელე  ვითარდება მარცხენა მხარეს. ორმხრივი ვარიკოცელე იშვიათია, ხოლო მხოლოდ მარჯვენა მხარეს - მხოლოდ გამონაკლისი. ეს აიხსნება ვენების მდებარეობის თავისებურებით მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ზოგჯერ ის ხასათდება ტკივილით სათესლეს მიდამოში. როგორც წესი, მას არა აქვს მწვავე ხასიათი და გამოწვეულია სისხლის ზეწოლით ვენურ წნულზე. თუკი ვენა საგრძნობლად ფართოვდება, დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს. სხვა შემთხვევაში საჭიროა სათესლე პარკის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება.

მკურნალობისათვის მოწოდებულია მხოლოდ ქირურგიული მეთოდები. ეს დაავადება არ მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ აქტივობაზე, ამიტომაც ოპერაციის აუცილებლობა დგება მამაკაცის ახალგაზრდა ასაკის შემთხვევაში, ოჯახის შექმნისა და შთამომავლობის გაგრძელების საჭიროების გათვალისწინებით. ოპერაციის შემდეგ 5-7%-ში შეიძლება ადგილი ქონდეს ჰიდროცელეს (სათესლეს წყალმანკი) განვითარებას.

 

 

ბუასილი

 

ბუასილი, იგივე სწორი ნაწლავის ჰემოროიდული ვენების კვანძოვანი გაფართოება, საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და გარდა ჰემოროიდული კვანძებისა გულისხმობს აგრეთვე ანალური ნაპრალებისა და ფისტულების არსებობას. ბერძნულად haimorrhois- ნიშნავს სისხლდენას.  ბუასილი შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.

სხვადასხვა ავტორის მონაცემები ამ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებულია: ბუასილი აღენიშნება მოზრდილი მოსახლეობის 44- 86%-ს. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორივე სქესში.

ბუასილი ვითარდება მცირე მენჯის ღრუს ვენებში და სწორი ნაწლავის ვენურ წნულებში  წნევის მომატებისა და სისხლის შეგუბების გამო. ვენების გაფართოებული მონაკვეთები შეიძლება დაწყლულდეს, დაითრომბოს, მოხდეს მათი ტრავმირება და დაზიანება, რაც ხელს შეუშლის განავლოვანი მასების თავისუფალ გადადგილებას და მჭიდროდ კეტავს უკანა გასავალს.

ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს:

·         ადგილობრივი მკურნალობა (ოყნები, საფაღარათო საშუალებების ხშირი მიღება),

·         მენსტრუაცია,

·         ორალური კონტრაცეპტივები,

·         უკანა გასავლის ზედმეტად ინტენსიური ჰიგიენა, რაც იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას,

·         არასწორი კვება (დიეტა, საკვებში უჯრედისის მცირე რაოდენობა, ცხარე საკვები, სწორი ნაწლავის მასტიმულირებელი პროდუქტები - ჩაი და ყავა),

·         არატრადიციული სექსი,

·         სპორტის ზოგიერთი სახეობა (ცხენზე ჯდომა, მოტო- და ველოსპორტი),

·         ზოგიერთი პროფესია (მძღოლი, მფრინავი),

·         ორსულობა,

·         გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას.

დაავადება იწყება წვის, სიმძიმის შეგრძნებით უკანა ტანში, რასაც თან ახლავს ქავილი, წვა და ტკივილი. დეფეკაციის დროს ან გაჭინთვისას ვითარდება ნაპრალები, ხდება კვანძების გამოვარდნა, უფრო გვიან იხდება მათი გამოვარდნა სიარულის დროსაც. გამოვარდნილი კვანძები ხშირად ითრომბება და ხდება მათში ანთების განვითარება, შეიძლება მოხდეს მათი ჩაჭედვა და კვდომა. ბუასილის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ანალური სისხლდენა (10%-ში), რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს. ექიმისათვის მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მწვავე ან ქრონიკული ტკივილი, გარდა ამისა კვანძის გამოვარდნა ანალური ხვრელიდან. ქავილს ხშირად ახლავს თან სისხლდენა. ადამიანს უჭირს დეფეკაცია, ხშირია ყაბზობა ან განავლის შეუკავებლობა.

დიაგნოზის დასმა ხდება პროქტოლოგთან ვიზიტის დროს, გარეგანი დათვალიერებისა და მანუალური გასინჯვის შემდეგ. უფრო სრული კვლევა მოიცავს ანოსკოპით ან რექტორომანისკოპიის საშუალებით სწორი ნაწლავის დათვალიერებას, რასაც წინასწარ ესაჭიროება სწორი ნაწლავის დაცლა ოყნით.

ბუასილი სიმპტომებით ძალიან ემსგავსება ანალურ ფიბროზულ პოლიპებს და მელანომას, მეორად ათაშანგს, სწორი ნაწლავის კიბოს,  და სხვ., რაც ექიმთან დროული ვიზიტის აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

დღეისათვის დაავადების საწყის ეტაპზე გამოიყენება მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ამბულატორიულ პირობებში მოხდეს დაავადების მკურნალობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან დროული ვიზიტი. დაავადება ძალზედ სწრაფად პროგრესირებს და დაგვიანების შემთხვევაში სტაციონარში ჰემოროიდექტომიის ჩატარება უკვე გარდაუვალი აუცილებლობა ხდება. მკურნალობის შემდეგ ადგილი აქვს სრულ გამოჯანმრთელებას, მხოლოდ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

 

მკურნალობა - მოიცავს სამკურნალო პრეპარატების მთელ სპექტრს, ასევე ქირურგიულ მკურნალობას. კონსერვატიული მკურნალობა ეფექტურია  ქრონიკული ბუასილის საწყის სტადიაზე და ასევე მისი გამწვავებისას შედარებით მოგვიანებით ეტაპებზე. იგი ამცირებს გამწვავების სიხშირეს,  სიმძიმეს და ხანგრძლივობას, თუმცა ბოლომდე არ იძლევა განკურნების საშუალებას. იგი მოიცავს ზოგად და ადგილობრივ საშუალებებს - პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ვენების ტონუსზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას. ადგილობრივად სპეციალური მალამოების, სანთლების ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ამცირებს ტკივილს.

პრობლემის რადიკალური გადაწყვეტა ქირურგიული გზით ხდება, რისთვისაც დღს გარდა სკალპელისა, გამოყენებულია შედარებით დამზოგველი მეთოდიკები და აპარატურა (ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, სკლეროთერაპიის მეთოდი, რადიოტალღური სკალპელი, ლაზერული კოაგულაცია). ამბულატორიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიდან უნდა აღინიშნოს: ვაკუუმური ლიგირება, რომელიც შინაგანი კვანძების შემთხვევაში კეთდება, რის შემდეგაც 3-4 დღეში კვანძი იწყებს კვდომას. სისხლმდენი კვანძების შემთხვევაში გამოიყენება ინფრაწითელი სხივებით კოაგულაცია. გარეგანი კვანძების შემთხვევაში ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე გამოიყენება რადიოტალღური სკალპელი ან ელექტრული დენი.

ქირურგიული ოპერაცია - ჰემოროიდექტომია გამოიყენება ჭარბი ჰემოროიდული სისხლდენების ან კვანძების მუდმივი გამოვარდნის შემთხვევაში დროს, და მას, როგორც წესი,  კარგი შორეული შედეგები აქვს.

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვენების ვარიკოზული გაფართოება

მაშინ, როდესაც ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება დასაწყის სტადიებზე სულაც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვენების ვარიკოზი შეიძლება სიცოცხლისათვის სეროზულ საფრთხედ იქცეს. ღვიძლის ციროზის დროს სიკვდილის შემთხვევათა 70% ვითარდება კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან განვითარებული შინაგანი სისხლდენის გამო. მიზეზი კი საყლაპავისა ან/და კუჭის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებია.

ღვიძლში შედის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი სისხლძარღვი - კარის (პორტული) ვენა. კარის ვენის სისტემით სისხლი საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ღვიძლის გავლით მიედინება გულისაკენ.

ციროზის დროს  დაღუპული ჰეპატოციტების ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილი, ანუ  ღვიძლში ვითარდება ერთგვარი ”ნაწიბურები”, რაც აუარესებს სისხლის გადინებას. ხდება სისხლის შეგუბება, კარის ვენაში იმატებს წნევა, ანუ ვითარდება ე.წ. პორტული ჰიპერტენზია. ეს კი თავის მხრივ, იწვევს კუჭისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაფართოებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გათხელებული ვენის კედლების მთლიანობის დარღვევა ხდება შინაგანი სისხლდენის განვითარების მიზეზი, რაც შემთხვევათა ნახევარში სასიკვდილო გამოსავლით მთავრდება.

 

კომპრესიული ტრიკოტაჟი

 

კომპრესიული ტრიკოტაჟი - ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი პროფილაქტიკური საშუალებაა. იგი აუცილებელი კომპონენტია ასევე ქირურგიული მკურნალობისა და სკლეროთერაპიის დროს, გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისათვის, ასევე მწოლიარე ავადმყოფებში, ვარიკოზული დაავადებების გართულებების სამკურნალოდ, პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზის სამკურნალოდ.

სამკურნალო ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია  ზუსტად გათვლილ და დოზირებულ ზეწოლაზე ვენურ კედელზე. ის ქმნის დამატებით კარკასს ვენებისათვის და იცავს მათ კედელს ზედმეტი გაჭიმვისაგან. ვენაზე ზეწოლა ამცირებს მის სანათურს, რაც აუმჯობესებს სისხლის გადინების სისწრაფეს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. წვივის რბილი ქსოვილების კომპრესია იცავს კიდურს შეშუპებისაგან, ამცირებს სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას. ჩვეულებრივი კოლგოტები (თუნდაც 100-200 დენიანი) მსგავს ეფექტს არ იძლევა, ხოლო რეზინიანი ყელწინდები და მოკლე წინდები პირიქით, ჯანმრთელი ვენების მქონე ქალებისთვისაც კი მავნეა.

ასეთი ტრიკოტაჟის ვენაზე ზეწოლის ძალა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით და არა დენებით. განასხვავებენ პროფილაქტიკური (10-12 მმ ვწყ.სვ.) და სამკურნალო (20 მმ ვწყ.სვ.) ეფექტის მქომე კოლგოტებს. ზედაპირული ვენების დაზიანებისას ნიშნავენ I და II ხარისხის (20-45 მმ ვწყ.სვ), ღრმა ვენების დაზიანების, სახსრების თანდაყოლილი დაავადებების, სპილოვნობის დროს - III ან IV ხარისხის (45-60მმ ვწყ.სვ) კომპრესიულ კოლგოტებს.

ვარიკოზის საწინააღმდეგო ტრიკოტაჟს ახასიათებს გრადურირებული კომპრესია: კოჭის მიდამოში კომპრესია არის 100%, მუხლისაკენ მცირდება 75%-მდე, ბარძაყთან -50%-მდე, ხოლო შორისის მიდამოში  მხოლოდ 20%-მდეა. ეს აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას. ამისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი კომპრესიული ტრიკოტაჟი ერთნაირ ზეწოლას ავითარებს, რითაც აუმჯობესებს სილუეტს, მაგრამ არ აქვს სამკურნალო ეფექტი.

ზომა და კომპრესიის ხარისხი უნდა იქნას შერჩეული მხოლოდ ექიმ-ფლებოლოგის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ. ტრიკოტაჟის ჩაცმა უნდა მოხდეს დილით, ლოგინიდან ადგომამდე, აწეული ფეხების მდგომარეობაში. 

უცხოეთში კომპრესიულმა ტრიკოტაჟმა მთლიანად გამოდევნა ელასტიური ბანდები, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია, თანაც მოუხერხებულია ჩაცმისას, ტარებისას, გარეგნულად, კომპრესიის ხელით რეგულირების აუცილებლობის გამო, თუმცა  ერთადერთი უპირატესობის გამო (ბევრად უფრო იაფია) ისევ რჩება ფართე ხმარებაში ჩვენს ქვეყანაში.

ელასტიური ბანდების დახვევა კიდურებზე უნდა მოხდეს დილით საწოლში ყოფნისას, აწეული ფეხის პირობებში; ტერფის მდებარეობა წვივის მიმართ უნდა იყოს სწორი კუთხით. ბანდის დახვევა უნდა დაიწყოს თითების ძირიდან მუხლამდე ან ბარძაყის შუა ნახევრამდე. ღამით საჭიროა ბანდის შეხსნა, რათა ფეხმა დაისვენოს.