|
2009.12.09 გრიპის შემთხვევებზე ექიმის გამოძახება თბილისში უფასო იქნება
თბილისის მერი გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში H1N1 ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მატულობს, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
თუმცა, უგულავას თქმით, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია მინიმალური, თუმცა მნიშვნელოვანი ზომების მიღება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
უგულავას თქმით, 4 თვის განმავლობაში დედაქალაქის კლინიკების 1000–მდე ექიმი გრიპის შემთხვევებზე მოსახლეობას ბინაზე უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ხარჯებს დედაქალაქის მერია საკუთარ თავზე აიღებს. თითოეულ ექიმს ხელფასის დანამატის სახით 225 ლარი გადაეცემა, კლინიკებს კი თითოეულ ექიმზე 50 ლარი.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გრიპის შემთხვევებზე მოსახლეობა, ძირითადად, საავადმყოფოებს მიმართავს, რაც საჭირო არაა და საავადმყოფოების გადატვირთვას იწვევს. მისი თქმით, პოლიკლინიკების ექიმებს გრიპთან დაკავშირებით სრული ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, შესაბამისად, მოსახლეობას მოუწოდა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პოლიკლინიკის ექიმებს მიმართონ.
საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა. ვირუსის გართულება, ძირითადად, მკურნალობის დაგვიანებითაა გამოწვეული და ის, ძირითადად, სუნთქვის გაძნელებითა და მაღალი ტემპერატურით გამოიხატება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართონ პოლიკლინიკებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გართულების შემთხვევები.
ქვეყანაში ამჟამად ვირუსით დაინფიცირების 368 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული.
ე.წ. ღორის გრიპი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ცხინვალის სკოლებში, დაავადების გამო, 10–დღიანი კარანტინი გამოცხადდა.
სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია საგანგაშო არაა. მიუხედავად ამისა, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც სხდომებს ყოველ დღე ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ საავადმყოფოებში არ არსებობს მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც მედიკოსებს ე.წ. ღორის ვირუსის დადგენა შეუძლიათ. შესაბამისად, დიაგნოზს მხოლოდ პაციენტის გასინჯვის შედეგებით სვამენ.
სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების თხოვნით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
|