<< საწყისი გვერდი


2009.12.29 

შეხვედრა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონის ექიმებთან

A(H1N1) ვირუსის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების ექიმებთან შეხვედრა გაიმართა. რეგიონალური პოლიკლინიკებისა და მრავალპროფილიანი საავადმყოფოების მთავარ ექიმებს, ინსტრუქტაჟი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჩაუტარეს.
"შეხვედრის ძირითადი მიზანი სამინისტროსა და რეგიონალურ ექიმებს შორის კოორდინირებული მუშაობაა. სამედიცინო პერსონალს მიეცემათ რჩევები, რათა ადგილზევე მოახდინონ A(H1N1) ვირუსით დაავადებულთა მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ გრიპით ინფიცირებულთა მიმართვიანობა განახევრდა, რაც მიგვანიშნებს, რომ ვირუსის ძირითადმა ტალღამ გადაიარა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, რაც გართულებების რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებს." - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
შეხვედრაზე ექიმებს, კონკრეტული ინსტრუქციები, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც მისცა.
“მთავარია ექიმები მობილიზებულნი იყვნენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად იმუშაონ. ყოველივე ეს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს და რთულ სიტუაციებს თავიდან აგვაცილებს.”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
A(H1N1) ვირუსის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ინიცირებული შეხვედრები სისტემატიური ხასიათისაა.