|
2009.12.30 H1N1 ვირუსისგან, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
H1N1 ვირუსისგან, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ განაცხადა, ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზების ლაბორატორიულად დადასტურება მიმდინარეობს. გარდაცვლილთა შორის ერთი ორსულია, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა. 8 თვის ფეხმძიმე ნანა გელაშვილი ქუთაისის დედათა და ბავშვთა კლინიკაში 5 დღე მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. გელაშვილს სასწრაფოდ გაუკეთეს საკეისრო კვეთა. ჩვილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, იგი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
სასუნთქ აპარატზე რამდენიმე პაციენტია მიერთებული, მათ შორის ორი - ქუთაისში. რამდენიმე პაციენტი მძიმე მდგომარეობაში რჩება ღუდუშაურის სახელობის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრში.
სულ საქართველოში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1092 შემთხვევაა აღრიცხული.
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა.
|