<< საწყისი გვერდი


2010.01.12 

საქართველო "ღორის გრიპის" გავრცელების ტემპებით მსოფლიო ლიდერთა შორისაა

რეგიონში H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტები ყველაზე მაღალი საქართველოშია. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა იძლევა, რომლის მიხედვითაც H1N1 ვირუსის გავრცელების შემთხვევები საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” კი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ქვეყნის ჯანდაცვის უწყებას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას H1N1 ვირუსით დაავადებულთა რეალური მონაცემები დაუმალეს. “ჯანმრთელი სამყაროს” სამედიცინო ექსპერტის, ზურაბ ფუტკარაძის განმარტებით, რეალურად საქართველოში ვირუსით დაავადებულთა 60 ათასამდე შემთხვევა იყო, რაც ეპიდემიის გამოცხადების საფუძველს იძლეოდა. თუმცა, ფუტკარაძის მტკიცებით, ეპიდემიის გამოცხადება სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ზომების გატარებას მოითხოვს, რაც მათ ინტერესში არ შედიოდა.

ჯანდაცვის უწყებაში კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქართველოში ვირუსის პიკი დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, როცა სხვა ქვეყნებში ვირუსის პიკი გადავლილი იყო. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ვირუსის აქტიური გავრცელების ქვეყნების სიაში ბოლო მონაცემების მიხედვით დაასახელა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მხრივ საგანგაშო ვითარება არ არის. ჩვეულებრივი სეზონური გრიპის დროს შესაძლებელია ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპოს – ამტკიცებენ ჯანდაცვის უწყებაში. ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილი კი 19 ადამიანია.