<< საწყისი გვერდი


2010.01.15 

თბილისი ბაქოსა და სომხეთს „ღორის გრიპის“ სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებს

ვინ აგებს პასუხს HH1N1 ვირუსით გარდაცვალების მომრავლებულ შემთხვევებზე? საქართველოში ამ დაავადებით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და, შედეგად, დღეისათვის „ღორის გრიპით“ დაღუპულთა რაოდენობა 21–ია, ხოლო ვირუსის 1221 შემთხვევაა დარეგისტრირებული.

ამ ფონზე, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მეზობელ სომხეთში „ღორის გრიპის“ მხოლოდ 111 შემთხვევაა გამოვლენილი და მათგან გარდაცვალებით მხოლოდ 3 დასრულდა. აზერბაიჯანში ვირუსის მხოლოდ 14 შემთხვევა დადასტურდა და არცერთი პაციენტი არ დაღუპულა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მიიღეს და შესაბამისი აცრებიც დაიწყო. საქართველოში კი ამ ვაქცინას მხოლოდ თებერვალში ელოდებიან. საქართველოს არასამთავრობო სექტორი ერთ თვეში ამ მხრივ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელოდება.


ჯანდაცვის უწყებაში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს იმით ხსნიან, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, საქართველოსგან განსხვავებით, რეალურ მონაცემებს მალავენ.

ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აკეთებს. მეზობელი ქვეყნების მიერ გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვაზე საუბრობს პარლამენტარი გიორგი გოდაბრელიძეც.

ამასთან, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ვირუსის დადასტურებული 1200–მდე შემთხვევიდან გარდაცვალების არსებული მაჩვენებელი სამწუხარო ფაქტია, თუმცა ეს საგანგაშო სტატისტიკა არაა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში დადასტურებული 1200 შემთხვევიდან გარდაცვალების 900 ფაქტია დაფიქსირებული.

არსებობს თუ არა სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული სტატისტიკის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი და აქვს თუ არა ადგილობრივ არასამთავრობოებს ალტერნატიული სტატისტიკა? აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, დაავადების რეალური სურათი ოფიციალურ სტატისტიკაზე მძიმე იყოს, თუმცა არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ეს განსხვავება დიდია ან ხელისუფლება საგანგებოდ მალავს რეალურ სტატისტიკას.