|
2010.01.18 ჯანდაცვის სამინისტრო განგაშის საფუძველს ვერ ხედავს
დღეს ცნობილი გახდა H1N1–ის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ. თბილისში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ეს უკვე საქართველოში ამ ვირუსით გარდაცვალების 23-ე შემთხვევაა. ლაბორატორიულად ვირუსით დაინფიცირების 1240 შემთხვევაა დადასტურებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსით დაინფიცირებული ყოველი მესამოცე ადამიანი საქართველოში იღუპება. ამ ფაქტების მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში კვლავ ამტკიცებენ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა.
ჯანდაცვის სამინისტრო კი იმის მიუხედავად, რომ დღეს „ღორის გრიპის“ ვირუსით გარდაცვალების 23–ე შემთხვევა დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს ამ დრომდე ვერ ხედავს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა სამწუხაროა, მაგრამ არა საგანგაშო. მისი ინფორმაციით, საქართველოში ვირუსი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაიტანა, რომელთაგანაც მხოლოდ 23 გარდაიცვალა. ევროპაში კი 150 ათას დაავადებულზე 200 გარდაცვალება მოდის.
|