<< საწყისი გვერდი


2010.02.04 

ორ კვირაში „ღორის გრიპის“ ახალი ტალღა დაიწყება

პროგნოზი იმის თაობაზე, რომ თებერვლიდან „ღორის გრიპის“ ახალი ტალღა დაიწყებოდა, გამართლდა. დაავადებულთა რიცხვმა მატება დაიწყო. გახშირდა ლეტალური შემთხვევებიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ახალი ტალღა მასშტაბებით იმხელა არ იქნება, მაგრამ გაცილებით რთულად შეიძლება წარიმართოს, ასევე არ გამორიცხავენ სიკვდილიანობის მატებასაც.
ამ დროისთვის სულ ვირუსის 1300 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 28 ლეტალურად დასრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას გამცხადებით, ამ დროისთვის სამი ავადმყოფია საკმაოდ მძიმე და ისინი ინტენსიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. იანვრის მეორე ნახევარში საგრძნობი კლება იყო, 50–60%–ით შემცირდა ავადობა. ამჟამად კლება შეჩერებულია და დაახლოებით ორ კვირაში მატების ახალ ტალღას ელოდებიან. მისივე თქმით, კლინიკებში მიმართვიანობა მაღალი უნდა იყოს, რომ თავიდან ავიცილოთ გრიპის შემდგომი გართულებები და მძიმე შედეგები. მოცულობით ეს ტალღა ისეთივე დიდი ვერ იქნება, თუმცა მძიმე შემთხვევები და გართულებები შესაძლოა მეტი იყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ანტივირუსული პრეპარატების საკმაო მარაგი აქვს. არის სრული მზადყოფნა მომზადების თვალსაზრისით. იგივე იქნება ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც პირველი ტალღის დროს გატარდა. მოსახლეობა უნდა ეცადოს, თავი აარიდოს ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტს და დაავადების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს საავადმყოფოებს, მიიღოს ექიმის კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოს გრიპის გართულების მძიმე შედეგები.