<< საწყისი გვერდი


2010.02.05 

საქართველოში ორსულთა გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა

H1N1 ვირუსის შედეგად საქართველოში ორსულთა და ახალნამშობიარებთა გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა.
როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, კოკა ფრუიძემ განაცხადა, H1N1 ვირუსის შედეგად გრიპის სეზონზე ორსულებში გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა; დაიღუპა 2 ახალნამშობიარებიც.
ფრუიძემ მიმართა შეხვედრაზე მყოფ რეგიონული სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელებს, რათა ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს და ადგილებზე მოახდინონ მობილიზება.
მისივე თქმით, საჭიროა, ორსულებმა დროზე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2005 წელს საქართველოში 25 ფეხმძიმე გარდაიცვალა, რაც ცუდი მაჩვენებელია. 2006, 2007 და 2008 წლებში დაფიქსირდა ორსულთა გარდაცვალების მხოლოდ 10-11 შემთხვევა, რითაც საქართველო, მსოფლიო მონაცემებით საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს.
ფრუიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო სტატისტიკით “კარგი მაჩვენებელი” ფეხმძიმეთა გარდაცვალების 5 შემთხვევაა.