|
2010.02.22 H1N1–ი გრიპი განსაკუთრებით საშიში 15 მარტამდე იქნება
„ღორის გრიპი“ უკან დახევას არ აპირებს. 16 თებერვლის შემდეგ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. ინფიცირებულთა რიცხვმა იანვრის მონაცემებს ნახევარჯერ გადააჭარბა და დღეს ის 1320 ადამიანს შეადგენს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია H1N1–ის ვირუსის გავრცელების დასასრულს მარტის დასაწყისში პროგნოზირებენ, თებერვლის ბოლოს კი „ღორის გრიპის“ მცირე გააქტიურებას „წინა სასიკვდილო აგონიას“ უწოდებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ სპეციალისტების პროგნოზები თანდათანობით სრულდება.
„იანვართან შედარებით თებერვალში ვირუსით ცოტა მეტი დასნებოვნებული გვყავს, დეკემბერთან შედარებით კი ბევრად ნაკლები. რაც შეეხება მარტს, საგანგებოდ ვაცხადებ, რომ ორსულები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მათთვის მარტი განსაკუთრებით კრიზისული იქნება. ამიტომ, როგორც კი სიმპტომს შეამჩნევენ, მაშინვე ანტივირუსული პრეპარატების მიღება უნდა დაიწყონ. განსაკუთრებით საშიში იქნება მარტის პირველი დეკადა, სადღაც 10–15 რიცხვებამდე“, – აღნიშნავს იმნაძე.
|