|
2010.03.19 ვაქცინის პირველი პარტია ღორის გრიპის დასრულების შემდეგ შემოვიდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ღორის გრიპის“ არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვირუსის პიკმა ჩაიარა. მათი მტკიცებით, გამორიცხული არაა, ერთეული შემთხვევები გამოვლინდეს, მაგრამ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას განმარტებით, საქართველოში შემოდგომა–ზამთრის სეზონზე H1N1–ის ლაბორატორიულად დადასტურებული 1287 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გართულებით 33 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ეპიდემიოლოგების განმარტებით, საქართველოში 400 ათასამდე დაავადებული ადამიანი მაინც იყო.
„გრიპის მეორე ტალღა, რომელზეც ბოლო პერიოდში ბევრი საუბარი იყო, დამთავრდა. ამჟამად რეგისტრირდება ცალკეული, ერთეული შემთხვევები. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მიუხედავად ამისა, კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ვინმეს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდება, აუცილებლად მიმართოს ექიმს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს და ჩვილ ბავშვებს“, – აცხადებს ცანავა და მოსახლეობას არწმუნებს, რომ შეუძლია თავშეყრის ადგილებში მშვიდად იაროს და აღარც დამცავი ნიღბები გამოიყენოს.
მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებთან ერთად საქართველოში განისაზღვრა ის კონტინგენტი, რომელიც პირველ რიგში აიცრება H1N1–ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამ დღეებში ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში უკვე შემოვიდა და პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი, ორსულები, მაღალი რისკის მქონე პირები და ქრონიკულად დაავადებულები აიცრებიან. აცრა უფასოა და ყველა კომპეტენტურ დაწესებულებაში ჩატარდება.
ცანავას თქმით, ამჟამად არავითარი აფეთქების საფრთხე არ არსებობს და მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ, ბავშვები სკოლებსა და ბაღებში გაუშვან.
|