|
2010.05.18 „ღორის გრიპის“ არარსებულ პანდემიაზე მილიარდები დაიხარჯა
პროგნოზები იმის შესახებ, რომ „ღორის გრიპის“ შედეგად სიკვდილიანობა მსოფლიოს მასშტაბით 7,5 მილიონ ადამიანს მიაღწევს, არ გამართლდა. ამის შესახებ The Independent წერს და აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი სეზონური გრიპებით გარდაცვლილთა რაოდენობასთან შედარებით, რომელიც 500 ათასს აღწევს, H1N1–ის შედეგები შეუმჩნეველი იყო.
პანდემიის გამოცხადებამ კოლოსალური მასშტაბის გაუმართლებელი საბიუჯეტო ხარჯები გამოიწვია, დარწმუნებულია პროფესორი ულრიხ ქეილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი გულის დაავადებების საკითხებში.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ მთავარი მკვლელები – ესაა ჰიპერტონია, მოწევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, ცხოვრების მჯდომიარე წესი და ხილითა და ბოსტნეულით ღარიბი კვების რაციონი,“ – განაცხადა პროფესორმა ევროსაბჭოზე გამოსვლისას.
უახლოეს მომავალში მომზადდება კომისიის დასკვნა, რომელსაც დაევალა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაქციის შესწავლა „ღორის გრიპის“ პრობლემაზე. ორგანიზაციას უკვე ადანაშაულებენ „პანდემიის“ შინაარსის შეცვლაზე, თუმცა თავად ორგანიზაცია ბრალდებებს უარყოფს.
ორგანიზაციას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი ფარმაცევტული წარმოების
გავლენის ქვეშ მოექცა. ეს უკანასკნელი კი ანტივირუსული პრეპარატების გაყიდვით ზღაპრულად გამდიდრდა. მაგალითად, Novartis–ის შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თითქმის ერთი მესამედით გაიზარდა.
|