<< საწყისი გვერდი


2010.06.09 

ფილტვის კიბოს შორსწასული ფორმების მკურნალობა

ექსპერტთა თქმით, მედიკამენტი Erlotinib ანუ Tarceva სიცოცხლეს უხანგრძლივებს ქალებს ფილტვის კიბოს შორსწასული ფორმების შემთხვევებში.
ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სიმსივნის მქონე ავადმყოფებში Erlotinib სიკვდილიანობას ამცირებს ერთი მეოთხედით. უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პრეპარატი იმედისმომცემი საშუალებაა იმ პაციენტებისთვისაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობის გამო ვეღარ იტარებენ ქიმიოთერაპიას.
კვლევის შედეგების მიხედვით, მედიკამენტის მიღებიდან 12 თვის შემდეგ ქალების 15%-ს არ აღენიშნათ სიმსივნური პროცესის პროგრესირება მაშინ, როდესაც პლაცებოს მიმღები ქალებისთვის იგივე მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა.
კვლევა მოიცავდა ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის შორსწასული ფორმის მქონე 670 მამაკაცსა და ქალს.
დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეტში ფილტვის კიბოს მქონე 39 750 პაციენტიდან თითქმის ნახევარი მძიმე მდგომარეობის გამო არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიული კურსის ჩატარებას. Erlotinib თრგუნავს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორი სიუ მინგ ლის (Siow Ming Lee) თქმით, მიღებული შედეგები ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია ფილტვის კიბოს შორსწასული ფორმების ეფექტური მკურნალობისთვის. მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია ქალებში აღნიშნული მკურნალობის უფრო მაღალი ეფექტურობის მიზეზი.