უახლოეს ათწლეულში შემუშავებული იქნება საშუალებები საკვებისმიერი ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ამსტერდამის უნივერსიტეტის თანამშრომლის დოქტორ რონალდ ვან რეეს (Ronald van Ree) სიტყვებით, მეცნიერების ხელთ არსებული ინფორმაცია ალერგენების ბუნებისა და სტრუქტურის შესახებ გზას უხსნის მათ ალერგიული დაავადებების უმეტესობის იმუნოთერაპიისათვის ეფექტური და უხიფათო მეთოდების შემუშავებისაკენ. “რთულია ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელიცაა. ამიტომაც, საკვებისმიერი ალერგიის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ მკურნალობა, რომელიც დაამარცხებს ალერგიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ათ წელიწადში ეს ხელმისაწვდომი იქნება”, – განაცხადა მან ბრიტანეთის სამეცნიერო კვლევების განვითარების ასოციაციის სხდომაზე (ნორვიჩი, დიდი ბრიტანეთი).
ჰოლანდიელი მეცნიერის სიტყვებით, საკვებისმიერი ალერგიების წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს იმუნოთერაპია, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს ალერგენზე ორგანიზმის იმუნური რეაქციის ინტენსივობა.
იმუნოთერაპიის კლასიკური ვარიანტი უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოიყენება პოლინოზების (ალერგია მცენარის მტვერზე) სამკურნალოდ. იგი მდგომარეობს პაციენტის კანქვეშ ალერგიული რეაქციის გამომწვევი მცენარის მტვრის მცირე კონცენტრაციებით შეყვანაში. ამ პროცედურის მრავალჯერადი გამეორება საშუალებას იძლევა დაქვეითდეს ალერგიული რეაქციის ინტენსივობა რეალურ პირობებში ალერგენთან შეხვედრისას. თუმცა, ალერგენის კონცენტრაციის დაუცველობის შემთხვევაში, ალერგიის თავიდან აცილების მსგავსი მეთოდიკა შეიძლება სახიფათო იყოს ისეთი საშიში გართულებების განვითარების თვალსაზრისით, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი და ლეტალური გამოსავალი.
ალერგიული დაავადებების იმუნოთერაპიის მეთოდების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობა მეცნიერებს მიეცათ ალერგიულ რეაქციების გამომწვევი რიგი კონკრეტული ცილების აღმოჩენისა და ამ ნივთიერებების სტრუქტურის შეცვლის ტექნიკური შესაძლებლობების გამოვლენის წყალობით. ეს საშუალებას იძლევა ავადმყოფების სამკურნალოდ გამოყენებული იქნას ალერგენების მოდიფიცირებული ვარიანტები. სპეციფიკურ ვაქცინებს, რომლებიც დამზადებულია ცნობილი ცილა-ალერგენების “დასუსტებული” ვერსიების საფუძველზე, შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ ალერგია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ხამანწკები, არაქისი, ხილი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
მკურნალობა იქნება საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა იგი შეძლებს მისცეს გარანტირებული დაცვა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ მუდმივ შიშში, არ შეჭამონ შემთხვევით რაიმე ისეთი, რაც სახიფათო იქნება მათი სიცოცხლისათვის, - აღნიშნავს ვან რეე. ამავდრულად, კვლევების სიძვირის გამო, მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისას მკვლევარები იძულებულნი გახდებიან კონცენტრირება მოახდინონ ალერგიის ყველაზე გავრცელებულ ფორმებზე და არ გაითვალისწინონ მისი შედარებით იშვიათი ფორმები.
ახალი ტიპის პრეპარატებიდან ერთ-ერთი პირველი იქნება არაქისის მიმართ ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა. რონალდ ვან რეეს აზრით, ამ ვაქცინაზე მუშაობა 7-10 წელიწადში დასრულდება.
http://Lenta.ru
2006.09.18