|
კონფლიქტური სიტუაციები სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დაზღვეულთა მომსახურების ხარისხს ამცირებს. ამის შესახებ „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ აცხადებს.
„სამედიცინო დაზღვევა არაა მხოლოდ ბიზნესი, საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. მომსახურე ორგანიზაციათა შორის გაურკვევლობები და პრობლემები არ უნდა ლახავდეს დაზღვეულთა უფლებებს,“ – აღნიშნავენ ორგანიზაციაში და მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოში სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების სტანდარტიზაცია მოხდეს, რაც, პირველ რიგში, დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებულ, ნათლად და ზუსტად განსაზღვრულ სადაზღვევო დაფარვებს გულისხმობს. ინსტიტუტის აზრით, ასევე აუცილებელია სადაზღვევო და სამედიცინო ორგანიზაციებს შორის ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობების აწყობა, რომლითაც ორივე მხარეს მკაცრი ურთიერთკონტროლის საშუალება ექნება და დაცული იქნება დაზღვეულთა უფლებები.
„შეუძლებელია სისტემის გამართულად მუშაობა, თუ ყოველ ცალკეულ შემთხვევაშია საფიქრალი, ეკუთვნის თუ არა დაზღვეულს ანაზღაურება და სამედიცინო სერვისი. სწორედ ასეთ სიტუაციებში ქცევის სტანდარტები უნდა დადგინდეს, რამაც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს დაზღვეულისათვის ხარისხიანი სამედიცინო და სადაზღვევო სერვისის დროულად და სრულად მიწოდება მხარეთა შორის არსებული სადაო საკითხებისაგან დამოუკიდებლად,“ – აცხადებს ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ ექიმთა ასოციაციის წევრებმა სადაზღვევო სექტორისგან პაციენტების დაცვა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიები ექიმთა გაიდლაინებს არ სცნობენ და თავად წყვეტენ, როდის უნდა დაინიშნოს მკურნალობა და როდის არა. ამას სადაზღვევო კომპანიების ნაწილისგან საწინააღმდეგო მტკიცებები მოყვა.
http://commersant.ge
2010.07.27
|