|
საქართველოში ქიმიური მინარევებით სავსე თამბაქო იყიდება. ამ ხმაურიან განცხადებას "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი აკეთებს. გიორგი ბახტურიძის მტკიცებით, თამბაქოს იმპორტიორების და ადგილობრივი მწარმოებლებისგან ბაზარზე სხვადასხვა მინარევებით დაბინძურებული თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული შემოდის.
მეტიც: მისი განცხადებით, თამბაქოს ნაწარმი კანცეროგენულ ნივთიერებებსაც შეიცავს. თუმცა, ბოლო 5 წელიწადში თამბაქოს წარმოება კონტროლგარეშეა და მომხმარებელი ინფორმირებული არაა თამბაქოს შემადგენლობაზე. ამიტომ „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს წარმოება–რეალიზაციაზე ნებართვების დაწესებას მოითხოვს. ინფორმაციისთვის: თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ცენტრის ცნობით, მამაკაც მწეველთა რიცხვით საქართველო ევროპაში მეორეა.
„ვინსტონის“ და „ქემელის“ იმპორტიორი GTI-ს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 2009 წელთან შედარებით მათი გაყიდვები 32 %–ით გაიზარდა. ზრდა კი მათი მარკეტინგისა და თამბაქოზე დაბალი ფასის შედეგია. მათივე თქმით, თამბაქოს ფასები საქართველოში, მოსახლეობის შემოსავლის შესაბამისია და თუ „ვინსტონის“ ფასი საქართველოში იგივე გახდება, რაც მაგალითად იტალიაში, მას ლეგალურად აღარავინ შეიძენს. მისივე მტკიცებით, მათი პროდუქცია ყოველთვიურად უმკაცრეს კონტროლს გერმანიის ლაბორატორიაში გადის. GTI ბაზრის 23 % იკავებს.
“ფილიპ მორისის” წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ გადასახადების გარდა, სიგარეტის ფასზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს: ნედლი მასალის, წარმოების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის ხარჯები, მომხმარებელთა მოსაზიდად გაწეული ძალისხმევა და სხვა. მისი თქმით, კომპანია უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს, რათა მომხმარებელმა ისეთი ხარისხი მიიღოს, როგორსაც ელის.
http://commersant.ge
2010.07.28
|