საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ბაღდათის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და კლინიკის მზადყოფნა ახალი სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციართა მისაღებად პირადად შეამოწმა. სანდრა ელისაბედ რულოვსმა სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე და ექთნებისათვის ხელფასების მომატების საკითხზე.
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით დაახლოებით მილიონ ადამიანს დააზღვევს. შესაბამისად ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც თავისთავად გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.
შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი 15 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ პაციენტებს რეანიმაციული, ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური, რადიოლოგიური, ნეონატოლოგიური, ინფექციური, ოფთალმოლოგიური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. კლინიკაში 77 ადამიანი, მათ შორის, 30 ექიმი და 26 ექთანია დასაქმებული.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგმა" დაახლოებით 2.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო.