შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"-ს ესტუმრა და კომპანიის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას გაეცნო, რომელიც 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა ზარების გაზრდილი ნაკადის მისაღებად ემზადება. მინისტრი ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის თემაზე შემოსული ზარების რაოდენობით დაინტერსდა.
,,მოქალაქეებმა, ვინც უკვე მიიღო სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, დარეკონ შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე და ოჯახის ან სოფლის ექიმთან წინასწარ ჩაეწერონ. ჩაწერა აუცილებელია იმისათვის, რომ 1 სექტემბრის შემდეგ, ეფექტურად მოხდეს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულთა რიგების მართვა" - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები და ამბულატორიები მზად იყვნენ მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სამინისტროში დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულთა მომსახურების კოორდინაცია და არსებული რიგების მართვა უნდა უზრუნველყოს. სამინისტროს ცხელი ხაზი, 1505, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.