მეცნიერებმა მოახდინეს იმ მოლეკულის იდენტიფიკაცია, რომელიც დაიცავს ადამიანებს საკვებისმიერი ალერგიისაგან.
არაქისის მიმართ ალერგიულ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ არ გააჩნდათ ინტერლეიკინი-12. ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ეს მოლეკულა ჩვეულებრივ ხელს უშლის საკვებისმიერი ალერგიის განვითარებას.
როგორც საკვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები ამბობენ, ამ აღმოჩენამ შესაძლოა საკვებისმიერი ალერგიის პრევენციამდე ან მის მკურნალობამდე მიგვიყვანოს.
საკვებისმიერი ალერგიის მქონე ადამიანებში, იმუნური სისტემა ამა თუ იმ საკვების ცილებს აღიქვამს ანტიგენებად და მათ წინააღმდეგ წარმოქმნის ანტისხეულებს. ხშირ შემთხვევაში იმუნური სისტემის პასუხი შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო, ანუ შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.
საკვებისმიერი ალერგიის ერთ-ერთი კარგად ცნობილი გამომწვევი მიზეზია არაქისი. ეს პრობლემა ძალზე მზარდ ხასიათს ატარებს, კერძოდ ყოველი 70 მოსწავლედან იგი უვითარდება 1-ს.
დღესდღეობით საკვებისმიერი ალერგია არ იკურნება და ერთადერთ გზას წარმოადგენს ალერგიული საკვების მიღებისგან თავის შეკავება, ხოლო მისი მიღების შემთხვევაში განვითარებული ალერგიული რეაქციის საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება ადრენალინის ინექცია ვენაში.
პროფ. კლაუდიო ნიკოლეტიმ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სპეციფიკური ტიპის სისხლის თეთრი უჯრედები, სახელად დენდრიტული უჯრედები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კერძოდ ისინი ეხმარებიან იმუნურ სისტემას იმის «გადაწყვეტაში”, თუ როგორ უპასუხოს მან ამა თუ იმ უცხო მოლეკულას. მათ აღმოაჩინეს, რომ ალერგიულ თაგვებში დენდრიტული უჯრედები საჭიროზე მეტ ხანს რჩებოდნენ, რაც იწვევდა იმუნური სისტემის გადაჭარბებულ სტიმულაციას. მეცნიერებმა შეისწავლეს ალერგიულ და ალერგია-რეზისტენტულ თაგვებში დენდრიტული უჯრედების აქტივობა ნაწლავსა და ელენთაში.
მათ აღმოაჩინეს, რომ ალერგიული თაგვების ნაწლავში დენდრიტულმა უჯრედებმა შეწყვიტეს ინტერლეიკინ-12-ის პროდუცირება. როგორც პროფ. ნიკოლეტიმ განაცხადა, ინტერლეიკინ-12-ის არსებობისას, ორგანიზმში ამა თუ იმ ალერგენის, მაგ. არაქისის მოხვედრის შემდეგ, შესაძლებელია ალერგიული რეაქციის გაკონტროლება. ის და მისი კოლეგები ატარებენ ახალ კვლევებს, რათა დააზუსტონ ეს თეორია თაგვებში. «საკვებში შემავალი ცილა შესაძლოა იყოს სრულიად უსაფრთხო ერთი ადამიანისათვის, მაშინ როცა ის შესაძლოა იყოს ლეტალური მეორისათვის”, თქვა პროფ. ნიკოლეტიმ.
«ჩვენ მოვახდინეთ იმ მოლეკულის იდენტიფიცირება, რომელიც იმუნური სისტემის პასუხს დაუქვემდებარებს კონტროლს და გახდის მას ადექვატურს”, დასძინა მან.
პროფ. ნიკოლეტი ასევე თანამშრომლობს ირლანდიელ მკვლევართა ჯგუფთან, რათა დადგინდეს, არის თუ არა გამართლებული ეს თეორია ადამიანებში.
წინასწარი კვლევების თანახმად, საკვებისმიერი ალერგიის მქონე ადამიანების ორგანიზმშიც დენდრიტული უჯრედები საჭიროზე მეტ ხანს რჩებიან.
როგორც ანაფილაქსიის საწინააღმდეგო კამპანიის დირექტორმა, დევიდ რიდინგმა განაცხადა, «საკვებისმიერ ალერგია საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ის მიესალმება მისი პრევენციის მიზნით ჩატარებულ ნებისმიერ კვლევას”.
http://www.bbc.co.uk
2007.07.03