რა უნდა ვიცოდეთ მალარიის შესახებ?

 
მალარიის გავრცელება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით დედამიწის 2 მილიარდზე მეტი ბინადარი მალარიით დაავადების რისკის ქვეშაა. მალარიით ყოველწლიურად 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება და 1-დან 3 მილიონამდე იღუპება, ძირითადად _ ტროპიკული მალარიით, მათგან 1-1,5 მილიონი - მცირეწლოვანი ბავშვია.

საქართველოში, ამჟამად, მალარიის ადგილობრივი შემთხვევები გავრცელებულია ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლში.

 
რა დაავადებაა მალარია?

მალარია - არის მძიმე პარაზიტული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ციებ-ცხელება. არსებობს მალარიის 4 ფორმა (4 სახის გამომწვევი პარაზიტი-პლაზმოდიუმი): სამდღიური, ოთხდღიური, სამდღიურის მსგავსი მალარია-ოვალე და ტროპიკული, რომელიც საქართველოში შემოტანილი სახით გვხვდება.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სამდღიური მალარია
 
როგორ გადადის მალარია?

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმატარებელი, მალარიის ბუნებრივი გადამტანია კოღო ანოფელესი.

არამალარიული კოღოსგან მალარიის გადამტანი კოღო მრავალი ნიშნით განსხვავდება: იგი ჭერზე ჩამოკიდებულია ვერტიკალურად, კედელზე ან საგნის ზედაპირზე კუთხით ზის - თავი ზედაპირისკენ აქვს დახრილი, მუცელი ზევით; არამალარიული კოღო ჭერზე და კედელზე ერთნაირად - ზედაპირის პარალელურად ზის.

შესაძლებელია მალარიის გადაცემის სამი გზა:
  1. კოღოს კბენით;
  2. დაავადებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მშობიარობის დროს;
  3. ინფიცირებული სისხლის გადასხმით.

საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. კოღოს მიერ დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

 
მალარიის კლინიკური მიმდინარეობა

მალარია მჟღავნდება ფარული (ინკუბაციური) პერიოდის გასვლის შემდეგ. სამდღიური მალარიისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-30 დღე, საშუალოდ 14-15 დღე, ზოგჯერ 3-4 თვეზე მეტიც შეიძლება იყოს (გახანგრძლივებული ინკუბაცია). ამის შემდეგ იწყება ცხელებითი შეტევები. სამდღიური მალარიის დროს შეტევები ყოველ მესამე დღეს მეორდება.

მალარიის შეტევა იწყება შემცივნებით, ავადმყოფს სახე უფერმკრთალდება, ცხვირი და ტუჩები ულურჯდება, ეწყება თავის ძლიერი ტკივილი, აკანკალებს, კბილს კბილზე აცემინებს. ასეთი მდგომარეობა 30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. შემდეგ–ავადმყოფი თანდათან თბება, სიცივე და კანკალი აღარ აწუხებს, პირიქით, ისე სცხელა, სახე უწითლდება, პირი უშრება, თავის, წელის და კიდურების ტკივილი უძლიერდება. ზოგჯერ მაღალი ტემპერატურის (390-400C) გამო გონება ებინდება, ბოდავს, ეწყება გულისრევა და ღებინება. რამდენიმე საათის შემდეგ ტემპერატურა სწრაფად ეცემა, აქვს ძლიერი ოფლისდენა. 1-2 საათის შემდეგ ოფლისდენა წყდება, ტემპერატურა ნორმაზე ან ნორმის ქვევითაც შეიძლება დავიდეს და ბოლოს ავადმყოფი მშვიდდება და იძინებს. გამოძინების შემდეგ თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ შემდგომში, შეტევების განმეორების გამო, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

საშუალოდ 12-14 შეტევის შემდეგ ავადობის პროცესი წყდება, თუმცა შეიძლება შეწყვეტის შემდეგ 1-3 თვემდე პერიოდში განმეორდეს, რასაც ახლო რეციდივი (დაავადების განმეორება) ეწოდება. შორეული რეციდივი, რომელიც მომდევნო წლის გაზაფხულზე ვლინდება - ახასიათებს სამდღიურ მალარიას, რადგან ამ დროს მალარიის პარაზიტების ე.წ. ჰიპნოზოიტური ფორმები ღვიძლში ხანგრძლივად ცოცხლობენ.

მალარიის ყველა ფორმის დროს აღინიშნება ანემია - ”სისხლნაკლებობა”, დიდდება ღვიძლი და განსაკუთრებით - ელენთა.

 

ზემოთ აღნიშნული კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მალარიის დიაგნოზი დგინდება თითიდან აღებული სისხლის პრეპარატების (ნაცხი და სქელი წვეთი) ლაბორატორიული (მიკროსკოპული) გამოკვლევის შედეგად. დიაგნოზის დადგენისთანავე იწყება მკურნალობა.

 
მალარიის პროგნოზი
 
მალარიის ყველა ფორმის დროს გამოსავალი კარგია, თუ მკურნალობა დროული, სწორი და დასრულებულია.
 

თუ მკურნალობა არ არის დასრულებული, მალარია შეიძლება შებრუნდეს (რეციდივი), გამწვავდეს და უფრო ძნელი სამკურნალო გახდეს ან ჩამოყალიბდეს პარაზიტმტარებლობა. რაც პარაზიტმატარებელ ადამიანს საშიშს ხდის გარშემომყოფთათვის ავადობის გავრცელების თვალსაზრისით.

მალარიის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. საჭიროა ექიმ-პარაზიტოლოგის ან ინფექციონისტის კონსულტაცია. პატარა ბავშვები და ორსული ქალები მხოლოდ საავადმყოფოში უნდა მკურნალობდნენ.
 

საქართველოში 2000 წლიდან მოქმედებს მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ დაავადების მკურნალობა მოსახლეობისათვის უფასოა

 
როგორ დავიცვათ თავი მალარიისაგან?
 
  1. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დაიცვათ თავი კოღოს კბენისაგან. ამისათვის:
    • იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც კოღო ანოფელესი შეიძლება იყოს გავრცელებული, წლის თბილ პერიოდში მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბები ან შარვლები).
    • გამოიყენეთ კანზე წასასმელი კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები-რეპელენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს დიეთილტოლუამიდს ან დიმეთილფტალატს. შეიძლება მიხაკისა და სხვა მძაფრსუნიანი ოდეკოლონების, ქაფურის სპირტის გამოყენებაც, ნესტიანი ბალახის აბოლება და ა.შ.
    • შენობაში კოღოების შემოფრენის აღსაკვეთად კარებებსა და ფანჯრებზე უნდა გაიკრას დამცავი ბადეები (ან მარლა), ხოლო ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორებით ან ინსექტიციდური აეროზოლებით.
     
  2. მალარიის გავრცელება შეიძლება აღიკვეთოს კოღოების გამრავლებისთვის ხელის შემშლელი ზომების განხორციელებით:
    • მცირ წყალსატევების (გუბეების) ამოვსებით ან დაშრობით;
    • წყლის რეზერვუარების გადახურვით;
    • წყალსატევების წყალმცენარეებისაგან გასუფთავებით:
    • წყალში კოღოს მატლების გამანადგურებელი თევზის - გამბუზიის გავრცელებით.
    • მალარიის კერებში გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით (ინსექტიციდებით) საცხოვრებელი შენობების შიგნითა კედლების და ჭერის დამუშავებით.
     
  3. 1.მალარიის ენდემურ კერებში ან ქვეყნებში ყოფნისას აუცილებელია მალარიის ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება ანტიმალარიული პრეპარატების შესაფერი დოზებითა და კურსის ხანგრძლივობით.