ქართულად: 
ახალი ამბები

ზაფხულის ორ თვეში 100-ზე მეტი ქვეწარმავალი დაიჭირეს

თბილისში ქვეწარმავლების განსაკუთრებული მომრავლების ფაქტი დაფიქსირდა.
"შხამიანი გველები თბილისში არ არიან და ამის არავის არ უნდა შეეშინდეს. თბილისი ისეთი ზონაა და ისეთი ხმაურიანი ქალაქია, რომ აქ შხამიანი ქვეწარმავლები არ შემოვლენ. გველები თბილისს არ ეტანებიან. მართალია, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოსახლეობა გველებს წააწყდა, მაგრამ გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ადგილზე ან გველხოკერა, ან წყლის გველი ანკარა დახვდა. არც ერთი და არც მეორე გველის ჯიში ადამიანისთვის მავნე არ არის და ის შხამს არ შეიცავს. ასე რომ, თბილისში ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშო არ არის", - განაცხადა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა.
ზაფხულში ქვეწარმავლების მატება სიცხეებს და გამრავლების პერიოდს უკავშირდება. წლეულს პირველად კეთილმოწყობის სამსახურთან შექმნილია სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ვეტერინარებითა და ჰერპენტოლოგებითაა დაკომპლექტებული. ოპერატიული ჯგუფი ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე მუშაობს.
როგორც ირკვევა, წლეულს ზაფხულში თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ოპერატიულმა ჯგუფმა გამოძახებების შედეგად 100-ზე მეტი ქვეწარმავალი დაიჭირა. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი დათუნაშვილმა განაცხადა, წინა თვეში სულ 75 გამოძახება იყო და აქედან 36 შემთხვევაში ოპერატიულმა ჯგუფმა სხვადასხვა ჯიშის ქვეწარმავალი გამოავლინა.
ამ ქვეწარმავლებიდან შხამიანი არც ერთი არ იყო. მიუხედავად ასეთი დამაიმედები განცხადებისა, თბილისელები მაინც შეშინებულები არიან.

ელზა წიკლაური
 

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.08.16