ქართულად: 
ახალი ამბები

ქართველმა მოცურავე-რეკორდსმენებმა სამედიცინო შემოწმება თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკა "გულში" გაიარეს

ქართველმა მოცურავე-რეკორდსმენებმა სამედიცინო შემოწმება თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკა "გულში" გაიარეს. გამოკვლევა ოთხმა რეკორდსმენმა-ვეტერანმა ჩაიტარა, ესენი არიან - 70 წლის ალექსანდრე თუთბერიძე, 62 წლის მიხო მორჩილაძე, 53 წლის ოლეგ სამხარაძე და 47 წლის ბეგლარ ელბაქიძე. "ოთხივე რეკორდსმენის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები იდეალური აღმოჩნდა", - განაცხადა მსოფლიო მიღწევებისა და მოგზაურობების მხარდაჭერის ქართული კავშირის ”გიორგის” თავმჯდომარემ გვანჯი მანიამ და მიანიშნა, რომ თითოეული მათგანის გამოკვლევა თანამედროვე აპარატურის საშუალებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სექტემბრის ბოლოს ალექსანდრე თუთბერიძე, მიხო მორჩილაძე და ოლეგ სამხარაძე ბათუმიდან ფოთამდე თავისუფალი სტილით 60 კილომეტრის დაფარვას აპირებენ, ხოლო 47 წლის ბეგლარ ელბაქიძე ბათუმიდან ჩაქვამდე 10 კილომეტრის დაფარვას აპირებს აწეული ხელებით, ერთ ხელში მობილური ტელეფონით და მეორეში - საქართველოს დროშით.
გვანჯი მანიამ აღნიშნა, რომ თბილისის კარდიოლოგიური კლინიკა "გული" უკვე ხუთი წელია, რაც ქართველი სპორტსმენების მიერ მსოფლიო რეკორდების და მიღწევების დამყარების პროექტებში მონაწილეობს და მათ სამედიცინო გამოკვლევებს უანგაროდ უტარებს.
"ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექიმებს სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით ესა თუ ის მონაწილე გაუფრთხილებიათ, და ისინიც თავს იკავებდნენ რეკორდების დასამყარებლად ღონიძიებების ჩატარებისგან", - აღნიშნა გვანჯი მანიამ.
კავშირის თავმჯდომარემ კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორს ანზორ მელიას თანამშრომლობისა და რეკორდების დამყარების პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" დირექტორმა ანზორ მელიამ თავის მხრივ განაცხადა, იგი დიდად მოხარულია, რომ რეკორდსმენების ამჯერად ჩატარებულმა გამოკვლევამ არანაირი უკუჩვენება არ გამოავლინა.
კლინიკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომავალშიც აპირებს მსოფლიო მიღწევებისა და მოგზაურობების მხარდაჭერის კავშირთან თანამშრომლობას და ქართველი რეკორდსმენებისთვის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას. "ეს მთელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენი კლინიკისთვის ასეთ პროექტებში მონაწილეობა პრესტიჟულია", - განაცხადა მან.

ალექსანდრე იმედაშვილი
 

http://newsgeorgia.ge

2007.09.21