საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ალექსანდრე კვიტაშვილი
Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი.
ალექსანდრე კვიტაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1970 წლის 15 ნოემბერს.

1992 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი ევროპის და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით.

1992 წელს ედმუნდ მასკის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. 1993 წელს მან წარმატებით დაამთავრა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

1993 წელს სანდრო კვიტაშვილი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში ადმინისტრაციისა და ფინანსების ოფიცრის თანამდებობაზე.

1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (UMCOR) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში.

1997 წელს სანდრო კვიტაშვილი გახდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - საერთაშორისო ფონდის «კურაციოს» პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კურაციოს ფონდმა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მართვის, ფინანსირების და ეკონომიკის მიმართულებით, ისევე როგორც მრავალი სხვა პროექტი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში.

2002 წელს იგი გახდა საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სექტორების ქვეკომიტეტის ეროვნული ექსპერტი-კოორდინატორი.

1995-2002 წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. ამავე წლებში მას გამოცემული აქვს რამდენიმე ანალიტიკური ნაშრომი, რომლებიც შეეხებოდა ჯანდაცვის სფეროს რეფორმებისა და სოციალური დაცვის სისტემის ანალიზს.

2002-2003 წლებში სანდრო კვიტაშვილი მუშაობდა ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტში (East-West Institute, EWI) და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტად.

2004 წელს იგი დაინიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ადმინისტრაციის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად. ამ რანგში იგი უწევდა მართვას ნიუ-იორკის, ბრიუსელის, პრაღის და მოსკოვის ცენტრებს; ასევე კადრების, ინფორმატიკის, ღონისძიებათა და ზოგადი ადმინისტრაციის დეპარტამენტებს. მონაწილეობდა ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.

2008 წლის იანვარში სანდრო კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად.