ქართულად: 
ახალი ამბები

სოფელ რენეში ახალი ამბულატორია გაიხსნა

82 ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საზღვრისპირა სოფელ რენეში ახალი ამბულატორია გაიხსნა. მისი აღჭურვისთვის თურქეთის საელჩომ 105 ათასი დოლარი გამოყო. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ექიმის ოთახის მინიმალურ აღჭურვილობასთან ერთად, ექოსკოპიის აპარატი, პორტატული რენტგენი, ჰემატოლოგიური ანალიზატორი და კუაგულაციის აპარატი გადასცა.
ახალი ამბულატორია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გიუმრუჩქუ, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.
სოფელ რენეს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მომსახურებას თემის 9 სოფელს გაუწევს.
დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 80 ამბულატორია უკვე აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და მასალებით. დარჩენილი 2 ამბულატორია ცაგერსა და ხაშურში უახლოეს მომავალში გაიხსნება.


 

http://www.moh.gov.ge

2014.11.03